ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წარმოებული ქართული ტრადიციული კერძები კახური ფლავი, იმერული ყალია, ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად და ქათმის ჩახოხბილი უკრანაში და ბალორუსში გაიყიდება. კერძებს დაკონსერვებული სახით ,,სადილის“ ბრენდით, კომპანია ,,ჯეონატურალსი“ სოფელ გამარჯვებაში ახლადგახსნილ საწარმოში ამზადებს.
კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ ბაღდავაძის განცხადებით, ქართულ კერძებზე ამ ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად კომპანია წარმოებული პროდუქციის 50%-ს სავარაუდოდ ექსპორტზე გაყიდის.
,,ჯეონატურალსი“ წელიწადში 250-300 ტონა კონსერვის წარმოებას გეგმავს, რომელიც სრულად ქართული ნედლეულით იქნება დამზადებული. კომპანია ხორცს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. კონსერვები 400 გრამიანი შეფუთვით იწარმოება და მისი შენახვის ვადა 24 თვეა. ამჟამად ,,სადილის“ ბრენდით ოთხი სახეობის კონსერვს აწარმოებენ, სამომავლოდ კი ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავენ. კონსერვები საქონლის, ღორის, ცხვრის და ქათმის ხორცისგან მომზადდება”,-განაცხადა ზურაბ ბაღდავაძემ.
კომპანია საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს.
შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმომ ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოიპოვა. ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისთვის სულ 380 600 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. კომპანია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22 000 -ის მფლობელია.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი