ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა. ბექა გონაშვილი მიუთითებს, რომ ზრდასრული ცხვრის ფასი, რომელიც 30-35 კილოგრამს იწონის, 230 ლარამდეც კი აღწევს, რომლის მიზეზი აზიის ქვეყნებიდან ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნაა.
“ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან ძალიან გაიზარდა. ამ ქვეყნებში წელიწადში ექსპორტზე საშუალოდ 200-220 ათასი ცალი ცხვარი იგზავნება; მათ შორის ირანში დაკლული სახით, ხოლო ქუვეითში, დუბაიში, კატარსა და სხვა ქვეყნებში კი ცოცხალი სახით”, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას ბექა გონაშვილი.
საქართველოდან ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით კარანტინის წესები გამკაცრდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის ქართულ ცხვარში შერევა და მისი ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანა მკაცრად დაისჯება. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი ქართველ მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესების დაცვაა.
„ცვლილებები უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ ცხვრის შემოყვანის სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ქართულ ცხვარში ურევდნენ. კარანტინის წესები ახლა საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება. შესაბამისად, ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი. ჩვენ ჩვენი ინდუსტრია მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რაც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, უნდა იყოს მყარი და მდგრადი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კარანტინის წესები მხოლოდ ცოცხალ ცხვარზე ვრცელდება. ბექა გონაშვილი მიუთითებს, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობით ცხვრის ხორცი შემოდის და ექსპორტზე გადის, როგორც ქართული პროდუქცია, რაც სერიოზული პრობლემაა.
“ძალიან დიდი რაოდენობით ცხვრის ხორცი შემოედინება რუსეთიდან, რომელიც სასაკლაოზე შედის, შემდეგ იფუთება და როგორც ქართული ისე იგზავნება ამ ქვეყნებში, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას ქართველ მწარმოებლებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება”, – ამბობს გონაშვილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ცხვრისა და თხის რაოდენობამ საქართველოში 856 ათას სულს მიაღწია. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა, 2010 წელს – 178 000, 2011 წელს – 155 000, 2012 წელს- 170 000, 2013 წელს – 160 000. 2014 წელს ექსპორტზე გასული ცხვრის რაოდენობამ 220 000-ს მიაღწია. 2015 წელს უცხო ქვეყნების ბაზარზე 180 000 ცხვარი გაიყიდა, ხოლო 2016 წელს კი – 190 00.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი