აბრეშუმის ჭია საქართველოში

აბრეშუმის წარმოება საქართველოში უხსოვარი დროიდან იყო განვითარებული: ცნობილია, რომ მე-5 საუკუნეში, ინდოეთის დალაშქვრისას, ვახტანგ გორგასალმა საქართველოში აბრეშუმის ძაფის ამოხვევის ტექნოლოგია შემოიტანა. სიტყვა ”აბრეშუმიც” სპარსულიდანაა შემოსული. აბრეშუმის ქსოვილი დიდი ხნის განმავლობაში ფუფუნების საგანი იყო. აბრეშუმის ჭიის მოვლა და მასთან დაკავშირებული ცოდნა-განათლება მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის იყო ცნობილი, დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო საიდუმლებასაც წარმოადგენდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი გამტანი სიკვდილით ისჯდებოდა, თუმცა აბრეშუმი, მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის მრეწველობა მაინც გავრცელდა ჩინეთიდან კორეაში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, იაპონიაში, მონღოლეთში, ირანში, თურქმენეთში, საქართველოში.
აბრეშუმის ჭია ზრდის დასრულებამდე 4-ჯერ იცვლის კანს, აქვს 5 ასაკი. გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე წონაში 10000-ჯერ მატულობს, სიგრძეში – 20-ჯერ (4 მმ-იდან 80 მმ-მდე). თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ციკლში მხოლოდ აბრეშუმის ჭია ღებულობს საკვებს. ლარვის ფაზა 28-35 დღეს გრძელდება. ამ ვადის შემცირება შეიძლება კვებისა და ტემპერატურის საგანგებო რეჟიმის შექმნით.
აბრეშუმი მოხსენიებულია სხვადასხვა ქართულ ლიტერატურულ წყაროებში. ხელსაქმე და აბრეშუმის ჭიის მოვლა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული საქმიანობა ყოფილა.
ცნობილია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ქსოვილი ე.წ. დარაია მზადდებოდა. ადრეულ წლებში, მას ვალუტის დანიშნულებაც ჰქონია – ოქროსა და ვერცხლთან ერთად გამოსასყიდად იყენებდნენ. ხოლო, 1998
წელს, თბილისის ფაბრიკა “ცისარტყელაში” დამზადებულმა აბრეშუმის ქსოვილმა, მადრიდში გამართულ აბრეშუმის ნაწარმის მსოფლიო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო – “დიდი პლატინის ვარსკვლავი” დაიმსახურა.
სპეციალისტთა გაანგარიშებით, გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად 4-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ. მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასამდე ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში – 5-6 ათასი კაცი. დღეს კი, მეაბრეშუმეობა საქართველოში თითქმის განადგურებულია. გასული საუკუნის 90-იან წლებში აბრეშუმის წარმოება ჩაკვდა და მუხედავად სერიოზული პოტენციალისა, დღემდე ვერ ხერხდება მისი აღდგენა.
მოამზადა მაკა ბოტკოველმა

კომენტარები

კომენტარი