მინისტრი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გავაზის საუკეთესო ვენახები“, რომელიც 29 მევენახეს აერთიანებს, 2017 წელს „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო მოაწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახების“ მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში ყურძნის მიღების პროცესს გაეცნო.
კოოპერაციულ საწარმოში, მიმდინარე წელს, 120 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება. ამ ეტაპზე, ყურძნის მიღების პროცესი მიმდინარეობს; დაგეგმილია კოოპერატივის წარმოებული ღვინის ექსპორტი ბელარუსის რესპუბლიკაში.
„კოოპერაცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კოოპერატივებისათვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ამ პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ ყურძენი საკუთარ საწარმოში გადაამუშაონ და გაზრდილი შემოსავალი ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე “International Wine Competition 2018” კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახები“ პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში იყო წარდგენილი. ღვინო საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
წყარო:http://acda.gov.ge/

კომენტარები

კომენტარი