“ქართული ზეთისხილი“ მწვანე და შავი ზეთისხილის წარმოებას იწყებს

“ქართული ზეთისხილი” წელს ახალი პროდუქტების გამოშვებას გეგმავს, კერძოდ კომპანია მწვნე და შავი ზეთისხილის წარმოებას იწყებს, – განაცხადა “ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

ბიზნესმენის განმარტებით, წელს ზეთის ხილის ბაღების მოსავლიანობა გაორმაგებულია, შესაბამისად კომპანია ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდას გეგმავს. სვანიძის ინფორმაციით, წელს დაახლოებით 100 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებენ, მაშინ როდესაც შარშან ამ მოცულობამ სულ 40 ტონა შეადგინა.

“ზეთისხილის რთველი 12 ოქტომბერს დაიწყება, ჯერ მწვანე, შემდეგ ბადრიჯნისფერი და შემდეგ შავი ზეთისხილი დაიკრიფება.100%-ით გაგვეზარდა მოსავალი. ვფიქრობთ 100 ტონა ზეთისხილის გადამუშავებას, აქედან ნაწილი ზეითუნის ზეთი იქნება, 2-ჯერ მეტი პროდუქცია გვექნება წელს ზეთის სახით, ასევე სიახლეები იგეგმება ასორტიმენტის გაფართოების კუთხითაც, გამოვუშვებთ საჭმელ ზეთისხილს, როგორც მწვანეს ასევე შავს”, – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

კომპანია ორის სახეობის, შავი და თეთრი ზეთისხილის ზეთს ამზადებს, რომელიც ცივი დაწურვის ტექნოლოგიით, იწარმოება. ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი უახლოეს მომავალში ბელორუსში ექსპორტზე გავა. კომპანია „ჯეოლაივის “ ხელმძღვანელის გიორგი სვანიძე ამბობს, რომ ბელორუსში თავდაპირველად მხოლოდ ერთი კონტეინერის გატანა იგეგმება.

„ქართული ზეთისხილის“ ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი – 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან – 16 ლარამდე მერყეობს, ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7-დან 9 ლარამდეა. პირველ ეტაპზე ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე ბელორუსში გავა, შემდგომ საექსპორტო ქვეყნებად კი ჰოლანდია და რუსეთი მოიაზრება”, – აღნიშნავს agromedia.ge-სთან საუბრისას გიორგი სვანაძე.

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დირექტორი ნელი გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი. მისივე ინფორმაციით, ბელორუსის გარდა, პროდუქციის ექსპორტზე გატანის მიზნით ჰოლანდიის ერთ–ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.
„3 კილოგრამი ზეთისხილიდან ვაწარმოებთ 1 ლიტრ ზეთს. ეს უნიკალური შედეგია. ჩვენი პროდუქციის ფასი ყველასთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჩვენ მიერ წარმოებული ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით დაბალია. სურსათი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. ზეთის ხარიხი უმაღლესია“,- ამბობს agromedia.ge-სთან საუბრისას ნელი გეთიაშვილი.

კომპანია სამომავლოდ წიპწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.

„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი