სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკები ფასიანი ხდება

პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციები 1 ოქტომბრიდან დაწესდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.

,,გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება . აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე. კერძოდ, პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ,”- განაცხადეს სამინისტროში.

ახალი რეგულაციების მიღების შედეგად ქვეყანაში შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

,,კარგია თუ აიკრძალება ყველა პარკი რაც ბიოდეგრადირებადი არაა. მივესალმები, რომ ეს ჩანაცვლდეს, როგორც ბიოდეგრადირებადი ასევე ქაღალდის პარკებითაც. სამომავლოდ საზოგადოება გამძლე ჩანთების მოხმარებაზე უნდა გადავიდეს,” – განუცხადა agromedia.ge-ს ეთო ზამბახიძემ.

ავტორი: ნინო ასანაშვილი

კომენტარები

კომენტარი