“თელავის ღვინის მარნის” პროდუქციის 28% ევროპაში იყიდება

კომპანია “თელავის ღვინის მარანი” წელს 5,5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაციას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ რამაზაშვილის ინფორმაციით, პროდუქციის 85%-ის გატანას ექსპორტზე გეგმავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ პროდუქციის 28% ევროპაში იყიდება.
,,თელავის ღვინის მარნის“ ექსპორტის ერთი მესამედი ევროპაზე მოდის, მათ შორის ინგლისზე, გერმანიაზე, პოლონეთზე და ბალტიის ქვეყნებზე. კომპანიას პროდქუცია ექსპორტზე ჯამში 28 ქვეყანაში გააქვს. ჩვენი ღვინო იყიდება ჩინეთში, უკრაინაში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ვცდილობთ ბაზრების დივერსიფიცირებას და რომელიმე მათგანზე, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არ ვართ წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გაყიდვების უფრო დიდი წილი ევროპაზე მოდის, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ევროპაში ჩვენი საექსპორტო პროდუქციის 28% იყიდება“, – ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
“თელავის ღვინის მარანი“ წელს 6 ათას ტონა ყურძეს დაწურავს, საიდანაც 50% საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავალი იქნება, დანარჩენს კი შეისყიდის. კომპანია 300 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც კახეთში, საუკეთესო მიკროზონებში მდებარეობს.
“რთველი აქტიურ ფაზაშია და მას ჩვენ ოქტომბრის პირველ დეკადაში დავასრულებთ, ამ დროს იკრიფება ჩვენი საგვიანო მოსავალი. ყურძენს ვიღებთ რაჭიდანაც“ – აცხადებს რამაზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიაღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებასც იწყებს. რამაზაშვილი აცხადებს, რომ ყვარელში ღვინის საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ, ღვინოც დააჭაშნიკონ და მთელი დღის განმავლობაში დაისვენონ.
“ვფიქრობთ, წელს დავამთავრებთ მარნის სრულ კეთილმოწყობას, საწარმოს ტექნოლოგიური მხარე წელიწადზე მეტია დავამთავრეთ, ანუ ღვინის გადასამუშავებელი მოწყობილობები, მათი ლოგისტიკა, თავისი სასაწყობე მეურნეობებით. ახლა ვიწყებთ ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებას. იგეგმება მისაღები შენობის, სადეგუსტაციო დარბაზის მოწყობა. იქნება სპეციალური ადგილი, სადაც ძველი ღვინოების დაჭაშნიკების საშუალება იქნება. მიმდინარეობს ძველი, ისტორიული მარნის აღდგენა, რომელიც აქ არსებობდა”,- განუცხადა agromedia.ge–ს ზურაბ რამაზაშვილმა.
პროექტის ღირებულება 1,5 მილიონ დოლარზე მეტია.
„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი