თუშეთის შესახებ გადაღებულმა ჩეხურმა ფილმმა FAO-ს ოსირისის ჯილდო მიიღო

კატერინა მიკულცოვას მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ქვის კოშკების მიწა” თუშეთის შესახებ სლოვაკეთის აგრო ფილმების 34-ე საერთაშორისო ფესტივალზე FAO-ს ოსირისის ჯილდო მიიღო. აგრო ფილმების ფესტივალი, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ეროვნული ცენტრი FAO-ს პატრონაჟით ჩატარდა.

ფილმში, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინასური მხარდაჭერით გადაიღეს, მაყურებელს შეუძლია ნახოს, თუ როგორ იწყებს მოძრაობას ცხვრის ფარა 300 კილომეტრიან მარშრუტზე, ზამთრის საძოვრებიდან საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრისკენ. ცხვრის მიგრაციასთან ერთად ფილმში ამავდროულად ასახულია გზაზე არსებული კულტურული ძეგლები, სალოცავები, ციხეები და მოთხრობილია ადგილობრივ თუშთა ყოველდღიური ცხოვრება.

თუში მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩეხეთის განვითარების სააგენტო რეგიონში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის უნდა აღინიშნოს მზის პანელების დამონტაჟების პროექტი, რითაც ჩანაცვლდა ბენზინზე მომუშავე გენერატორები, ასევე, საფეხმავლო ბილიკების მარკირება და სხვა ინიციატივები, რომელმაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივთა ეკონომიკურ სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი.

ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი. საფესტივალო პროგრამას თან ახლდა საჯარო დისკუსიები და აგრარული ბაზრობა.

კომენტარები

კომენტარი