საგარეჯოში დამზადებული ღვინო ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე იყიდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა მეღვინემ ბექა ჯიმშელაძემ ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიტანა. მეწარმემ რადენიმე წლის წინ საკუთარი ბრენდი VELLINO შექმნა და მალევე წარმატებას მიაღწია. ამ ეტაპზე კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს.
ბექა ჯიმშელაძის თქმით, იმის გამო, რომ კახური ღვინო რთულად დასალევია, გადაწყვიტა ეწარმოებინა ისეთი პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს მოეწონებოდა. მეღვინე ამბობს, რომ VELLINO, რომელსაც აქვს სპეციფიკური გემო, ფერი და სურნელი, დამზადებულია ევროპული ტექნოლოგიით.
„საქმიანობა დავიწყეთ 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოვიპოვეთ 10 000 ლარი და ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის ჩამოსხმა, სათანადოდ შეფუთვა და ადგილობრივ ბაზარზე გატანა შევძელით. ასე შეიქმნა ღვინის ახალი ბრენდი – VELLINO. გამომდინარე იქიდან, რომ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს, ძალიან მალე გაჩნდა ინტერესი მომხმარებლებში და გაზრდილმა მოთხოვნამ აუცილებელი გახადა წარმოების მასშტაბების გაზრდა. ამ ეტაპზე უკვე ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს, რომელიც მზადდება რქაწითელისგან, კახური მწვანესგან, საფერავისგან. საშუალო წლიური წარმოება შეადგენს 10,000-12,000 ბოთლს.
2018 წლიდან კი ჩვენი ღვინის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის გარდა უკვე საერთაშორისო ბაზრებზე, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ხორციელდება’’,- განუცხადა agromedia.ge-ს ბექა ჯიმშელაძემ.
ღვინის წარმოების გარდა, მეღვინემ ასევე აგროტურისტული მეურნეობა შექმნა, ააშენა მარანი და ტურისტებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს.
,,2017 წელს ჩვენი ფინანსებით ავაშენეთ მარანი, სადაც მიმდინარე წლის მაისიდან ტურისტებსაც ვმასპინძლობთ და აქტიურად ვართ ჩართულები ღვინის ტურიზმში. ტურისტებისთვის და ყველა მსურველისთვის გვაქვს მოწყობილი სადეგუსტაციო სივრცე. გარდა ამისა, დავით გარეჯის ერთდღიან ტურში ჩაჯდა ჩვენი მარანიც. ტურისტული კომპანიების დაინტერესება განაპირობა როგორც ღვინის მაღალმა ხარისხმა, ისე ჩვენი მარნის ადგილმდებარეობამ’’,- განაცხადა ჯიმშელაძემ.
მეწარმე აქტიურობას, სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას გაყიდვების გასაზრდელად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი აცხადებს, რომ მათ დაარსების დღიდან ბევრ ქართულ და უცხოურ ღვინის გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა, მომხმარებელთა დადებითმა დამოკიდებულებამ კი უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტიმული მისცათ.
,,გაყიდვები დავიწყეთ 2016 წლის ოქტომბირდან, ადგილობრივ ბაზარზე. ხარისხიდან გამომდინარე დასაწყისიდან დღემდე ვცდილობთ ვიყოთ ნიშურ ბაზარზე, როგორიცაა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები (Rooms Hotel, Iota Hotel, Stamba Hotel და ა.შ) და ღვინის სპეციალური მაღაზიები. 2018 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობთ ღვინის გამოფენებში საქართველოს ფარგლებს გარეთ. წელს დავესწარით ისეთ პრესტიჟულ ღვინის გამოფენებს მსოფლიოში, როგორიც არის RAW WINE, რომელიც ჩატარდა მარტში ლონდონში და მაისში ბერლინში. ჩვენი ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გასვლა სწორედ ლონდონის გამოფენის შედეგია. ახლა იმართება ღვინის გამოფენები ჰონგ-კონგსა და შანხაიში, რომელშიც საქრთველოდან წარდგენილ მარნებს შორის, ჩვენი მარანიც იღებს მონაწილეობას. ეს კი ნიშნავს მეტ პოტენციურ მყიდველს და დაინტერესებულ პირს ისეთი დიდი ბაზრიდან, როგორიც ჩინეთია“.
ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი