მაღალმთიან დასახლებებში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე იზრდება

მაღალმთიან დასახლებებში შეღავათით მასწავლებლების გარდა, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალიც ისარგებლებს. ცვლილება “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 4,4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. 1300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, 3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალია და მათი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 150 ლარს შეადგენს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, 600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანის სახელფასო დანამატი. მათი შრომის ანაზღაურება საშუალოდ 200 ლარია.
“მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა. სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების უკეთ განხორციელებას და ამით მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი