ომბუდსმენი მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნოს ნორმა, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა-გადაფორმების უფლებას უზღუდავს.
ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან ეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
„ეს არის დროებითი წესი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რათა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე იმუშაოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სანამ ახალი ვერსია ამოქმედდება, მოქმედი ვერსია არ ტოვებს ამგვარი საკანონმდებლო ნორმის არსებობის შესაძლებლობას. ბუნებრივია, არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს და მათ უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ქონებით. თანაც აქ საუბარია ისეთ პირებზე, რომლებიც საქართველოსთან ისტორიულად არიან დაკავშირებული”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

მოამხადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი