“გაუთელავი” ღვინო სოფელ ახაშნიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები ნუკრი ქურდაძე ორი სახეობის ღვინოს – საფერავსა და რქაწითელს აყენებს. ნუკრი ამბობს, რომ მისი წინაპრები ღვინოს ფეხით არასოდეს წურავდნენ, რის გამოც მას „გაუთელავს“ ეძახიან.
„ღვინოს ორნაირად ვაყენებთ – ყურძენს ვწურავთ კლერტით და უკლერტოთ. კლერტით დაყენებული ღვინო ძლიერია, ხოლო მეორე შედარებით მსუბუქი დასალევია, თუმცა ორივეს აუცილებლად ჭაჭაზე ვაყენებთ. ჩვენს მარანში წინაპრები ღვინოს ფეხით არასოდეს არ წურავდნენ. ჩემი წინაპრები ამბობდნენ, რომ ღვინოს ხომ არ გავთელავთო“, – აცხადებს agromedia.ge-სთან საუბრისას ნუკრი ქურდაძე.
ნუკრი ყურძენს უჟანგავი ლითონის კასრებში წურავთ. მეღვინის თქმით, ის ცდილობს, სასმელში მსუბუქი, სასიამოვნო არომატი შეინარჩუნოს.
„ყურძნის დაწურვის შემდეგ ორი-სამი კვირა კასრებს სამკბილა ჯოხით ვურევთ. დუღილს იწვევს თრთვილი, რომელსაც გაჭყლეტილი მარცვალი იკეთებს, ნელ-ნელა თრთვილი ქრება, ჭაჭა ფერს იცვლის, მუქდება და ყოველწუთიერი თავზე დგომაც აღარ სჭირდება. დუღილის ჩაცხრომის შემდეგ ჭაჭა ჯდება, თავისით მიდის დაბლა, ღვინო კი მაღლა ამოდის. მაჭარი დაღვინებას იწყებს, შუშხუნი კლებულობს, ღვინის მაღლა ამოწევა მის ბუნებრივ გაფილტვრას უზრუნველყოფს და კამკამა ღვინოც მზად არის მინის ბოცებში გადასაღებად“, – ამბობს ნუკრი ქურდაძე.
მეწარმე ღვინოს ორი სახეობის ჯიშის ყურძნისგან – საფერავისგან და რქაწითელისგან აყენებს. მისი მიზანი ქართული ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ტერუარის ღვინის დაყენებაა.
„2016 წელს ექსპერიმენტის სახით რქაწითელთან ვინტაჟში ჩინური ვიხმარე, ასე შეიქმნა ჩინური-რქაწითელი, რომელსაც „ქართლ-კახეთი“ დავარქვი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ვენახი, მარანი და სარდაფი ერთ სივრცეშია განლაგებული, ფაქტიურად ეს პირველი მარანი-დომენია ფაფრის მინდვრების ზონაში. ძნელია ილაპარაკო საკუთარ ღვინოზე, მე მხოლოდ ჩემ ხედვას შევეხები. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია და უამრავი ტერუარი. დღეს ჩვენ ათასწლოვანი ცოდნის აღდგენისა და შესწავლის საწყის ფაზაში ვიმყოფებით, ფაქტიურად ოკეანის პირას. ეს სამუშაო ათეულობით და ასეულობით მეღვინეთა თაობას ეყოფა საინტერესო ღვინოების დასაყენებლად. ჩემი მიზანი ქართული ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ტერუარის ღვინის შექმნაა. მეღვინეების ყოველმა ახალმა თაობამ განვითარების გარკვეული ელემენტი უნდა შეიტანოს ამ საქმეში, ამავე დროს, არ უნდა დაარღვიოს ქვევრის ღვინის იდეოლოგია და კონცეფცია, სხვანაირად ის სახეს დაკარგავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვცდილობ ტრადიციისა და მოდერნის შეხების წერტილები ვიპოვო და მიმჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია“, – აცხადებს მეღვინე.
მისივე ინფორმაციით, ღვინო ექსპორტზე ოთხ ქვეყანაში: იაპონიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში გადის.
„ამ ეტაპზე ღვინოს მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში ვყიდი. იმ რაოდენობის ღვინისთვის, რასაც ვაწარმოებ, ეს სავსებით საკმარისია. წელს ალბათ მაქსიმუმ ზღვარზე გავალ, საავტორო ღვინო შეუძლებელია დიდი ტირაჟით იწარმოებოდეს“, – აღნიშნავს ნუკრი ქურდაძე.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი