კახეთში დამზადებული მზა სადილები უკრაინაში, ბელარუსში და ლატვიაში გაიყიდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო წარმოებულ მზა პროდუქტებს უკრაინაში, ბელარუსში და ლატვიაში გასაყიდად გაიტანს.
კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ ბაღდავაძე აცხადებს, რომ კომპანიამ
პროდუქციის საცალო ქსელში შეტანა უკვე დაიწყო. კომპანიის ბრენდის ქვეშ დამზადებული სადილები, კონსერვის სახით, უახლოეს ერთ თვეში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ ქსელში გაიყიდება.
ბაღდავაძეს განმარტებით, ამ ეტაპზე პროდუქცია უკვე იყიდება “გუდვილის“, “ფრესკოს“ და “ნიკორას“ სუპერმარკეტებში.
“ჩვენს მიერ წარმოებული ყველა კერძი ქართული ნედლეულით მზადდება, კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატების გარეშე, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ ნედლს ხორცს და სხვა პროდუქტებს. როდესაც სავაჭრო ქსელს სრულად ავითვისებთ და ექსპორტის დავიწყებთ, თვეში ალბათ 50-დან 70 ათასი ქილას გამოვუშვებთ. კომპანია პროდუქციის ექსპორტის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და 2019 წლიდან “ჯეონატურალსის“ მზა სადილები სავარაუდოდ უკრაინაში, ბელარუსში და ლატვიაში გაიყიდება. “- განაცხადა ზურაბ ბაღდავაძემ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმოს გახსნის შემდეგ პროდუქციის ასორტიმენტიც გაზარდეს. ზურაბ ბაღდავაძეს ინფორმაციით, მათ დამატებით სამი ახალი სახეობის სადილის: “სოკოს ფლავის”, “ბეფსტროგანოვის“ და “ხორცის კუპატის“ წარმოება დაიწყეს.
,,აქამდე ოთხი სახეობის ტრადიციულ ქართულ კერძებს ვამზადებდით: “ფლავი კახურად“, “იმერული ყალია“, “ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად“ და “ქათმის ჩახოხბილი”. პროდუქცია “სადილის“ ბრენდით 400 გრამიანი ქილებით იყიდება, მისი ფასი კი სახეობების მიხედვით 4 – დან 8 ლარამდეა’’
კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა.
,,საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება ხდება. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000 დავნერგეთ’’,- განაცხადა ზურაბ ბაღდავაძემ.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი