თელავში დამზადებული ნატურალური წვენები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება

ერთ თვეში ადგილობრივ ბაზარზე ქართული ნატურალური წვენების ახალი ბრენდი ,,ალალი“ გამოჩნდება.
ქართული ხილისგან ნატურალურ პროდუქტებს კომპანია ,,აჩინებული“ დაამზადებს. კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა ღვინეფაძის თქმით, ხილის გადამამუშავებელი საწარმო თელავში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა.
,,წელს კომპანიამ 500 ტონაზე მეტი ხილი გადაამუშავა, რომელიც საქართველოში სეზონურად მოიკრიფა, კერძოდ: ვაშლი, ატამი და ყურძნი, საიდანაც სამი სახის ნატურალური წვენი დამზადდა”,- განაცხადა გოჩა ღვენეფაძემ.
მისივე ინფორმაციით, წვენების ჩამოსხმა უახლოეს დღეებში დაიწყება და პროდუქციის გასაყიდი ფასი 4-დან 6 ლარამდე იქნება.
,,თვის ბოლოს დავიწყებთ წვენების ბოთლში ჩამოსხმას. ნატურალური წვენი 250 გრამიან და ლიტრიან მინის ქილებში ჩამოისხმება. დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან პროდუქციას სავაჭრო ქსელში შევიტანთ. 1 ლიტრიანი შეფუთვით წვენების ფასი, სახეობების მიხედვით, საცალო ქსელში 4-დან 6 ლარამდე იქნება“ – განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.
ღვინეფაძე ამბობს, რომ კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოვებას და რამდენიმე სახეობის – ციტრუსის, ალუბლის, მარწყვის, მაყვლის და სხვადასხვა კენკრის წვენის დამზადებასაც გეგმავს.
,,აჩინებულის“ პროდუქცია თავდაპირველად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავალოდ კი ექსპორტზეც გავა. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სასწყობე ინფრასტრუქტურის გაფართოების შემდეგ კიდევ 15 ადამიანი დასაქმდება. კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია”, – ამბობს ღვინეფაძე.
კომპანია ასევე ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც აპირებს. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, სამომავლოდ აშენდება ახალი შენობა, სადაც ხილის მისაღები, სასაწყობე და სამაცივრე მეურნება მოეწყობა, რომლისთვისაც საწარმოში დამატებით 700 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი