კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი იზრდება

ევროკავშირში ბიოლოგიურად სუფთა კენკროვან კულტურებზე მაღალი მსყიდველობითუნარიანი მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამავე დროს, DCFTA საქართველოში მოყვანილ მაყვლის ექსპორტს ევროკავშირში ყოველგვარი გადასახადიდან ათავისუფლებს. წლიდან–წლამდე ქართველი ფერმერები სწავლობენ ევროკავშირის ბაზრის სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეწარმეები კენკროვანი კულტურების ექსპორტის მაღალ პოტენციალზე საუბრობენ. მათი თქმით, აღნიშნულ პროდუქტზე ევროპულ ბაზარზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. იმისთვის, რომ მეწარმემ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, მან უნდა დააკმაყოფილოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები და აწარმოოს სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.

მაგალითად, 2018 წლის დასაწყისისთვის საქართველოში მაყვლის სხვადასხვა ჯიშის პლანტაციების საერთო ფართობმა დაახლოებით 147 ჰექტარი, მთლინმა მოსავალმა კი 245 ტონა შეადგინა. მსგავსად სხვა კენკროვანი კულტურებისა, უეკლო მაყვლის პოპულარობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.

საქართველოში მოყვანილ კენკრას ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი აქვს ჩვენი რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის, ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, ამ კუთხით ჯერჯერობით მდგომარეობა არასახარბიელოა. ბოლო 10 წლის განმავლობაშიმაყვლის ექსპორტის წლიური საშუალო 1 ტონასაც ვერ აღწევს. ეს სხვა და სხვა მიზეზებით აიხსნება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კენკრაზე ორიენტირებული სამაცივრე მეურნეობის სიმწირე და მაყვლის მწარმოებელთა მცირე მაშტაბები, ანუ საქართველოში ფერმერებს ძირითადად მაყვლის მცირე, საშუალოდ ნახევარ ჰექტრამდე პლანტაციები აქვთ, ეს ფაქტი კი ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტიერებთან მოლაპარაკებებს ურთულებს, ვინაიდან ექსპორტიორები მსხვილ მიწოდებას ( საშუალოდ დღეში 1 ტონა) ითხოვენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს იზოლდა ქიტესაშვილს სანანდრეასის ჯიშის მარწყვი და ამერიკული ჯიშის უეკლო მაყვალი “ჩესტერი” მოყავს. მეწარმემ ასევე კოოპერატივი ,,გილე“ შექმნა, რომელშიც ხუთი მეპაიეა გაერთიანებული. მათ USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის გრანტი მიიღეს და ხილის გადამამუშავებელი და ჩირის საწარმო გახსნეს.
იზოლდა ქიტესაშვილი ევროკავშირის როლზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა მეწარმესთან ერთად ამ საექსპორტო პროდუქციის წარმოების პროცესში სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორიც უნდა ჩაერთოს.

,, ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კენკროვანი ხილის მოყვანა. იმ ფერმერებს რომლებიც ახლა იწყებენ წარმოებას სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ თითქმის არ ვიცით როგორ გავაშენოთ ეს კულტურები, სად როგორ შეეგუება მცენარე კლიმატურ პირობებს. პრობლემურია გასაღების ბაზრი, რადგან არ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დონორი ორგანიზაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ’’,-განუცხადა knews.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა.

ENPARD პროგრამის საინფორმაციო ხელმძღვანელი, თამარ ხუნწარია აცხადებს, რომ ევროკავშირის ბაზარი არის არის უზარმაზარი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ევროკავშირის ბაზარს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

,,ევროკავშირის ბაზარი არის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი და უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი მეწარმეების დიდი ნაწილი უკვე იყენებს იმ სიკეთეებს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე სთავაზობს ქვეყანას. ბევრ მეწარმეს უკვე გააქვს თავისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე: ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქცია. კენკროვანი კულტურები აქამდე ინტენსიურად არ განიხილებოდა საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა ახლა მის მოშენებას ბევრი ფერმერი იწყებს. ცნობილია, რომ ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია. ENPARD პროგრამის ფარგლებში გვყავს ბევრი მეწარმე, თუ კოოპერატივი, რომლებიც აწარმოებენ კენკროვან კულტურებს. ცოდნის ნაკლებობა კი არის გამოწვევა, რაც ფერმერებს დღეს აქვთ. ევროკავშირმა დიდი რესურსი ჩადო მწარმოებლების ინფორმირებისთვის. ფერმერებთან ვიმუშავეთ ძალიან ინტენსიურად’’,- ამბობს თამარ ხუნწარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ კენკროვან კულტურებს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამას ,,დანერგე მომავალი“ დაემატა კენკროვანი კულტურების განვითარების კომპონენტი, რომელიც მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააშენონ აღნიშნული კულტურები.

,,კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი დიდია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპოტო ბაზრებზე. მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა გაორმაგდა, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც აქტიურად საქმიანობს ამ კუთხით. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს ამ მხრივ აქვს დიდი პოტენციალი. პროგრამას ,,დანერგე მომავალს’’ დაემატა ქვეკომპონენტი, რომელიც კენკროვანი კულტურების განვითარებას მოიცავს. მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობას ჩვენც ვაცნობიერებთ. ვცდილობთ, პირადად შევხვდეთ მეწარმეებს. ვესაუბროთ და მივაწოდოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაცია’’,- განმარტავს პროგრამის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

კომენტარები

კომენტარი