კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოსა და ევროკავშირში კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. იზრდება კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა რაოდენობაც.
ექსპერტები და მეწარმეები კენკროვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალზე საუბრობენ. იმისთვის, რომ მეწარმემ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, უნდა დააკმაყოფილოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები და აწარმოოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს, ,,კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს იზოლდა ქიტესაშვილს სანანდრეასის ჯიშის მარწყვი და უეკლო მაყვლის 3 სახეობა მოყავს. იზოლდა ქიტესაშვილი აცხადებს, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა მეწარმესთან ერთად საექსპორტო პროდუქციის წარმოების პროცესში სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორიც უნდა ჩაერთოს.
,,ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კენკროვანი ხილის მოყვანა. ფერმერები ვინც იწყებენ წარმოებას პრობლემების წინაშე დგებიან. ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, რომ არ ვიცით როგორ გავაშენოთ კენკროვანი კულტურები. პრობლემურია გასაღების ბაზარიც, არ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება,’’ – განუცხადა agromedia.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა.
DCFTA საქართველოში მოყვანილ მაყვლის ექსპორტს ევროკავშირში ყოველგვარი გადასახადიდან ათავისუფლებს. საქართველოში მოყვანილ კენკრას ექსპორტის ზრდის რეალური პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ კუთხით მდგომარეობა არასახარბიელოა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მაყვლის ექსპორტის წლიური საშუალო 1 ტონასაც არ აღწევს.
ENPARD პროგრამის საინფორმაციო ხელმძღვანელი, თამარ ხუნწარია აცხადებს, რომ ევროკავშირის ბაზარი უზარმაზარი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის.
,,ევროკავშირის ბაზარი არის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი და უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი მეწარმეების დიდი ნაწილი უკვე იყენებს იმ სიკეთეებს, რასაც ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე სთავაზობს ქვეყანას. კენკროვანი კულტურები აქამდე ინტენსიურად არ განიხილებოდა საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა ახლა მის მოშენებას ბევრი ფერმერი იწყებს. ცნობილია, რომ ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია. ENPARD პროგრამის ფარგლებში გვყავს ბევრი მეწარმე, თუ კოოპერატივი, რომლებიც აწარმოებენ კენკროვან კულტურებს. ცოდნის ნაკლებობა კი არის გამოწვევა, რაც ფერმერებს დღეს აქვთ. ევროკავშირმა დიდი რესურსი ჩადო მწარმოებლების ინფორმირებისთვის. ფერმერებთან ვიმუშავეთ ძალიან ინტენსიურად’’, – ამბობს თამარ ხუნწარია.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ კენკრა მომავლის პროდუქტია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს სხვა დარგები.
,,წარმოების დროს კოოპერაცია საუკეთესო საშუალებაა სოფლის მეურნეობის გადარჩენის. კენკრამ უნდა ჩაანაცვლოს ტრადიციული დარგები, რომელიც არის შრომატევადი და მეტ ხარჯს მოითხოვს. კენკრა კი არის მოთხოვნადი პროდუქტი და ნაკლები დანახარჯით ფერმერს აძლევს დიდ მოგებას.”
მიმდინარე წელს სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. კენკრის მწარმოებლები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა კახეთში მცხოვრებლებისათვის არ იყო გათვალისწინებული. ისინი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას თხოვენ.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი