ოთარ დანელია – მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა

სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი უხერხულობა შექმნა, ვისურვებდით, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ დამდგარიყო, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სასურველი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე არ მიეღო.
„ის, რაზეც ახლა მიდის საუბარი, არის რისკის ვარაუდი. თეორიული რისკი მომდევნო 4 დღის განმავლობაში არსებობს, რამაც ბევრი უხერხულობა შექმნა. სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ასეთი გადაწყვეტილება არც გვქონოდა და ეს ერთკვირიანი დაძაბულობაც თავიდან იქნებოდა აცილებული“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული ორგანული კანონპროექტი მზად არის და ის პარლამენტს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება 7 დეკემბერს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი