ლევან დავითაშვილი – მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუცია გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და ის ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

„ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თქვენ იცით, რაც არის და ამას გამოვიყენებთ. იცით, ჩვენი პოზიცია როგორი იყო. სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს კონსტიტუციაში ასახა. სულ რამდენიმე დღე გვაშორებს კონსტიტუციის ძალაში შესვლასთან. შემდეგი კვირიდან კონსტიტუცია ძალაშია და ის უხერხულობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა, ფაქტობრივად, კანონის დონეზე დარეგულირდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება 7 დეკემბერს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი