კახელები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვენ

რა იციან ევროკავშირის შეახებ კახეთში, რა მოლოდინები და საჭიროებები აქვთ, agromedia.ge-სთან რეგიონში მცხოვრებლები საუბრობენ.
გურჯაანელი ნანული მარტაშვილი ფიქრობს, რომ ევროპის ბაზრებზე ქართული პროდუქტის გატანა შორეული პერსპექტივაა. აცხადებს რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას თითქმის არ აქვს.
,,რაც ჩვენ მოგვყვავს, ცოტაა. ბაზარზე კი დიდი რაოდენობაა საჭირო. მოლოდინი ნაკლები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რამე შეიცვლება. მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლებში, ასოცირების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად, არ აქვს. ძალიან გვჭირდება ვიცოდეთ როგორ ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მოვახდინოთ მისი რეალიზაცია. გარდა ამისა, გვაინტერესებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხები“, – ამბობს agromedia.ge-ს მარტაშვილმა.
თელავში მცხოვრები იზო ნადაშვილი ევროკავშირისაგან სიკეთეებს ელის. ამბობს, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა განათლების მიღებაშია.
,,ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ კარგ განათლებას, გავყიდით მეტ პროდუქციას და ვიქნებით უფრო დაცულები. ჩვენს პროდუქტს გააჩნია პოტენციალი, რომ გავიდეს ევროპის ბაზრებზე, მაგრამ მანამდე მთელი რიგი სტანდარტების დაცვა მოგვიწევს, რაც ჩვენთვის რთული პროცესია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მთელ რგ საკითებს მოიცავს რაც ხალხმა არ იცის, ამიტომ მეტი ინფორმირებულობაა საჭირო მანამ სანამ რეფორმები დაიწყება“, – განაცხადა agromedia.ge-სთან ნადაშვილმა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირთან დაახლოების მთავარ პირობად სწორედ ხალხის სამოქალაქო ცნობიერის გაზრდას მიიჩნევს.
,,ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ზოგადად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ არაერთი მითი არსებობს რომ ხელი შეეშლება საქართველოს ექსპორტს სხვა ქვეყნებში, რეალურად კი ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ასოცირების შესახებ შეთანხმება, პირიქით ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კულტურულ მიღწევებს, უნიკალურობის პოპულარიზაციასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, – განუცხადა agromedia.ge-ს ექსპერტმა ევროკავშირის საკითხებში კახა გოგოლაშვილმა.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი