2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

„სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ- მინისტრის „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის“ ინიციატივის ნაწილია. აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომლის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი