კომპანია “ბადაგონი” ექსპორტზე 8 მილიონი ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს

კომპანია “ბადაგონი” მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტზე 8 მლნ ბოთლ ღვინოს გაიტანს. კომპანიაში ამბობენ, რომ საექსპორტო მოცულობა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით 14%-ით გაზრდილია. “ბადაგონში” განმარტავენ, რომ ყველზე მეტი ბოთლი ღვინო საქართველოდან მათ გააქვთ.
“მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტი 8 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს (7 მლნ ბოთლი) 14%-ით აღემატება. საქართველოდან ყველაზე მეტი ღვინო ჩვენ გაგვაქვს. ამჟამად რამდენიმე ბაზრის ათვისების მიმართულებით ვმუშაობთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორებთან და ვსწავლობთ ამ სამიზნე ბაზრების შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე რამდენიმე ახალი პროდუქტის შექმნაზეც ვმუშაობთ, პორტფელის გაფართოება უახლოეს მომავალში იგეგმება როგორც ღვინოების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებითაც“, – აცხადებენ კომპანია,,ბადაგონში“.
„ბადაგონი“, რომლის ვენახები 400 ჰექტარზეა გაშენებული, 2006 წელს დაარსდა და ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს. კომპანიის ღვინოს საწარმოები განთავსებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. კომპანია წელიწადში 9 მილიონ ბოთლ ღვინოს, ჭაჭას და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს, რომლის 80%-ზე მეტი ექსპორტზე 20 ქვეყანაში იყიდება. „ბადაგონს“ პროდუქცია ძირითადად ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და აშშ-ი გააქვს. კომპანია 40 სახეობის პროდუქტს ამზადებს, რომელიც საშუალო და პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი. „ბადაგონის“ მთავარი ენოლოგი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატია.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი