არარეგისტრირებული საწარმოები – მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა

რეგისტრირებულ მეწარმეებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ, რაც არარეგისტრირებულ მეწარმეებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ. მეწარმეები ამბობენ, რომ არარეგისტრირებული საწარმოების საკითხი მნიშვენლოვან გამოწვევად იქცა.
კახელი მეწარმეების განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის ის ნაწილი, რომელიც არარეგისტრირებული მწარმოებლების პროდუქციას უჭირავს, დიდია და ისინი რეალიზების პრობლემის წინაშე დგანან.
ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელის, კომპანია ,,შირაქის პროდუქტების“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ სავალდებულო უნდა გახდეს ყველა სახის პროდუქციის ეტიკეტირება და მოხდეს ბაზრების გაკონტროლება.
,,იმისთვის, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს, უნდა დარეგისტრირდნენ ის არარეგისტრირებული მეწარმეები, ვინც ამ კუთხით საქმიანობენ. ჩვენ გვინდა თანაბარ კონკურენტუნარიან პირობებში ჩადგეს ყველა მეწარმე. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გადასახადს გადაიხდიან ბიუჯეტში, მოსახლეობას ექნება სშუალება უსაფრთხო პროდუქტი მიირთვას’’, – განუცხადა agromedia.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბაზარზე მოქმედ არარეგისტრირებულ საწარმოებს არ აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და კუსტარულ პირობებში წარმოებულ პროდუქტს იაფად ყიდიან. მეწარმეები ითხოვენ გამკაცრდეს სახელმწიფო კონტროლი სარეალიზაციო ობიექტებზე, გახშირდეს პროდუქტების ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. ისინი აღნიშნავენ, რომ საწარმოების მონიტორიგი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს სრულად აღიქვას არსებული ვითარების სიმწვავე და მასშტაბურობა. ინფორმირებული მომხმარებლის გარეშე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრულყოფილი შესრულება შეუძლებელია.
„ჩვენ მიერ ნაწარმოები პროდუქცია ძვირია, რადგან HACCP-ს ვიყენებთ სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. ბაზარი უკონტროლოა და არარეგისტრირებული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქტის სიიაფის გამო, კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული რას ნიშნავს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სურსათი და რატომ უნდა გადაიხადოს შედარებით ძვირი. პროდუქცია რომ არ შეგვქნოდეს მარკეტებში, ადგილობრივ ბაზრებზე ვერ გავყიდით. დიდი პრობლემაა მომხმარებელების არაინფორმირებულობა“, – ამბობს agromedia.ge-სთან ერთ-ერთი საწარმოს მეპატრონე დედოფლისწყაროდან.
არარეგისტრირებული საწარმოების პროდუქციის კონტროლს ითხოვს მესამესექტორიც. ისინი ხელისუფლებას ახსენებენ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროპაში მოქმედ კანონმდებლობასთან ქვეყნის საკანონმდებლო აქტების მიახლოებას ავალდებულებს.
,,ყველა სააწარმოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება აღღებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაზე. ის საწარმოები, რომლებმაც უკვე დანერგეს HACCP-ის სტანდარტი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ნელ-ნელა უახლოვდებიან ევროკავშირის სტანდარტს. დღეს მომხმარებლის მოთხოვნა სურსათის უვნებლობაზე არის იმ დონეზე, რომ ის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მართლაც უვნებელ პროდუქტს, ვერ ყიდიან საქონელს და ის მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს საეჭვო პირობებში, პროდუქციის რეალიაზციას მაინც ახერხებენ. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა და ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების ინფორმირების დონე უნდა გაიზარდოს’’, – განუცხადა agromedia.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

კომენტარები

კომენტარი