კახეთში ზამთრისა და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს

კახეთის რეგიონში ზამთრისა და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის მონაწილეებმა საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის ეკონომიკურ სარგებელსა და გადაჭარბებული ძოვის შედეგად უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე იმსჯელეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მდგრადი, ერთიანი ძოვის სისტემის საერთაშორისო პრაქტიკის შედეგებს თურქეთის მაგალითზე გაეცნენ.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და მეცხვარეთა ასოციაციის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
,,მთავრობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საძოვრების მართვას.
შეხვედრაზე გავეცანით პრეზენტაციებს კახეთში საძოვრების მართვის არსებული სისტემის ეკონომიკურ შეფასებასთან დაკავშირებით. განვიხილეთ საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად განსახორციელებელი სამი მიმართულება: ძოვის არსებული პრაქტიკის გაგრძელება და პირუტყვის რაოდენობის დარეგულირება; ინტენსიური როტაციული ძოვის დანერგვა; წლიური როტაციული ძოვების შემოღება”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სექტორული პროექტების „მიწის დეგრადაციის ეკონომიკა“ (ELD) და „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა კავკასიაში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით გაიმართა.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი