USAID საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერებაში დაეხმარება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორომ მოაწერეს ხელი.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეთანხმების მიზანია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სააგენტოს ერთობლივი ძალიხმევით მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერება და მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლება. ,,თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარკეტინგული მასალების მომზადება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას”, – აცხადებენ სამინისტროში.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1102 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი