5 სკით დაწყებული მეფუტკრეობა სოფელ კობაძეში

მეფუტკრე სოფელ კობაძედან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში მცხოვრები მეუტკრე პაატა გიგაური 4 წელია ნატურალურ თაფლს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მეწარმე განმარტავს, რომ სოფელი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, რაც განაპირობებს კობაძეში მოყვანილი ყველა სახის პროდუქციის გემოვნურ თვისებებს.
პაატა გიგაურმა საქმიანობა 5 სკით დაიწყო. მას ახლა 50 სკა აქვს და სეზონზე 200 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებს.
,,საქმიანობა 4 წლის წინ დავიწყე. რადგან მაღალმთიანი სოფელი იყო, აქ შევიძინე სასოფლო-სამეურნე მიწა და 5 სკით დავიწყე საქმიანობა. ახლა უკვე 50 სკაზე ვარ ასული. ძალიან მიყვარს მეფუტკრეობა. საქმიანობას რომ ვიწყებდი, თავიდან რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ბევრი ვისწავლე და ამ საქმიანობის გარეშე აღარ შემიძლია. გარდა ამისა, მეფუტკრეობა შრომატევადი, მაგრამ შემოსავლიანი საქმიანობაა. ყველაფერი ჩემი ფინანსებით დავიწყე და ამ დროისთვის 190-დან 200 კილომდე თაფლი ამომაქვს’’, – განუცხადა agromedia.ge-ს პაატა გიგაურმა.
მეფუტკრე ირწმუნება, რომ თაფლის წარმოების დროს სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკს არ მოიხმარს, რის გამოც პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია.
,,გაყიდვის პრობლემა არ მაქვს. თაფლს ადგილზე სახდლიდან ვყიდი, რომელიც ნატურალურია და ადგილობრივი ყვავილებისგან არის დამზადებული. იმ პერიოდის განმავლობაში რაც ეს საქმიანობა დავიწყე, ყველამ გაიგო ჩემს შესახებ. ხალხმა იცის, რომ ხარისხიან თაფლს ვაწარმოებ. სწორედ ამიტომ სახლში მოდიან და ყიდულობენ. ასევე ვერ ვაწარმოებ იმდენს, რომ ევროპის ბაზარზე გავიტანო.’’
პაატა გიგაურის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, ეს მცირე მეწარმეებსა და მათ საქმიანობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფო მეწარმეებს საქმიანობის გაფართოვებაში დაეხმაროს.
,,მთის სტატუსი აქვს სოფელს, მაგრამ ჩვენ მეწარმეებს ეს არაფერს არ გვაძლევს. ეს უფრო გათვლილია მასწავლებლებზე. მცირე მეწარმეებისთვის არაფერი სარგებელი არ არის. კარგი იქნება, სახელმწიფომ მეტი იმუშავოს მცირე მეწარმეების გაძლიერებაზე’’, – აღნიშნა agromedia.ge-სთან საუბრისას პაატა გიგაურმა.
მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას და სკების რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

კომენტარები

კომენტარი