სიღნაღში წარმოებული ზეითუნის ზეთი ექსპორტზე ჩინეთში გავა

კომპანია „ქართული ზეთისხილი“ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
„ქართულმა ზეთისხილმა“ შესაბამისი ხელშეკრულება ძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან უკვე გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოეწერა ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.
„Georgian Olive”-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ კომპანია მომავალი გაზაფხულიდან დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღის გაშენებას გეგმავს. მისივე ინფპრმაციით, საქმიანობის გაფართოების მიზნით, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ჩინეთში ქართულ ზეითუნის ზეთზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავრგოთ ზეთისხილი და რაც შეიძლება მეტი პლანტაციები გავაშენოთ. შესაბამისი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთის ცენტრალურ რეგიონთან, სადაც 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს; მათ გვთხოვეს იმდენი პროდუქცია მივაწოდოთ, რაც სრულად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას, რადგან ძალიან მოეწონათ ზეითუნის ზეთის ხარისხი. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს არ აქვს ამხელა ტერიტორია, რომ ამ მოცულობის საწარმოებლად საკმარისი ზეთისხილის ბაღები გააშენოს, თუმცა ამ კონტრაქტების საფუძველზე მნიშვნელოვნად გავზრდით წარმოებას“, – ამბობს გიორგი სვანიძე.
კომპანიის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ ჩინეთის ცენტრალურ რეგიონთან ხელშეკრულების გაფორმებაში „ქართულ ზეთისხილს“ საპარტნიორი ფონდმა სერიოზული დახმარება გაუწია.
„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაში საპარტნიორო ფონდი ძალიან დაგვეხმარა. აგრეთვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს პროდუქციას მიენიჭა საერთაშორისო სერთიფიკატი და მსოფლიო ბრენდმა ,,კარფურმა“ მოგვცა მათი სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება“, – აცხადებს გიორგი სვანიძე.
ბიზნესმენი მოსახლეობას ზეთისხილის ბაღების გაშენებას ურჩევს. გიორგი სვანიძე აღნიშნავს, რომ კომპანია მზადაა ადგილობრივი მწარმოებლებისგან ზეთისხილი ჩაიბაროს და 1 კილოგრამის ღირებულება 1-დან 2 ლარამდე განისაზღვრება.
„ეს არის ძალიან გამძლე კულტურა, რომელიც 1000 წელიწადს ცოცხლობს და კარგად ხარობს ისეთ ქვა-ღორღიან ნიადაგებზე, სადაც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები ვერ მოჰყავთ. მისი კრეფის სეზონი ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლითაა ანუ მას შემდეგ, რაც კახეთში რთველი მთავრდება, ასე რომ კახელ გლეხებს თავისუფლად შეუძლიათ ამ კულტურის მოყვანა და ფინანსური სარგებელის მიღება. კილოგრამ ზეთისხილში, ხარისხის მიხედვით, 1-დან 2 ლარამდე გადავიხდით. მომავალი 10 წლის განმავლობაში, საქართველოში შესაძლებელია ზეთისხილის კულტურა 100 ათას ჰექტარზე გაშენდეს და ის მსოფლიოში მაღალხარისხიანი ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში შევიდეს, სადაც ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და თურქეთია“, – აღნიშნავს გიორგი სვანიძე.
კომპანია ორის სახეობის, შავი და თეთრი ზეთისხილის ზეთს ამზადებს, რომელიც ცივი დაწურვის ტექნოლოგიით, იწარმოება. კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დირექტორი ნელი გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი.
„3 კილოგრამი ზეთისხილიდან ვაწარმოებთ 1 ლიტრ ზეთს. ეს უნიკალური შედეგია. ჩვენი პროდუქციის ფასი ყველასთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჩვენ მიერ წარმოებული ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით დაბალია. სურსათი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. ზეთის ხარიხი უმაღლესია“,- ამბობს agromedia.ge-სთან საუბრისას ნელი გეთიაშვილი.
კომპანია სამომავლოდ წიპწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი