ქართულ ზეთისხილზე მოთხოვნა იზრდება

ქართული ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. „ქართული ზეთისხილის“ კომპანია გაფართოებას და დამატებით 1000 ჰექტარზე პლანტაციების გაშენებას გეგმავს.

კომპანიის დირექტორის თქმით, ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდა 800-დან 1000 სამუშაო ადგილს შექმნის და საექსპორტო პოტენციალიც გაიზრდება.

“ქართული ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, საექსპორტო ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, – თქვა კომპანიის დირექტორმა გიორგი სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა.

გიორგი სვანიძის თქმით, ქართულ ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა დიდია, საექპორტო პროდუქციის რესურსი კი ამ ეტაპზე მცირეა. სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით პლანტაციების გაშენებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზეთისხილის კულტურის განვითარება. ჩნდება დამატებითი შემოსავლები, რაც პირდაპირპროპორციუად აისახება ადგილობრივების ცხოვრების დონეზე. კახეთის რეგიონის კლიმატურ პირობებში საუკეთესო ხარისხის ზეთის ხილის მოყვანაა შესაძლებელი, შესაბამისად ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა შეგვეძლოს“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

წყარო: https://imedinews.ge/ge/

კომენტარები

კომენტარი