ლევან დავითაშვილი – ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტის არანაირი რისკი არ არის და არ იქნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა წლის განმავლობაში ქართული თხილის 7 პარტია უკან გამოაბრუნა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტისას არანაირი რისკი არ არის და არ იქნება.

“ეს არის წლის შეჯამება, როდესაც ინფორმაცია იდება ევროპულ საიტებზე, თუ რომელი ქვეყნიდან რამდენი პარტია დაბრუნდა უკან იმის გამო, რომ მასში აღმოჩენილია კონკრეტული სოკოვანი დაავადება – აფლატოქსინი: ნივთიერება, რომელიც ყველა კაკლოვან კულტურაში შეიძლება განვითარდეს არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებში.

საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის. თხილის ყველა წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანა იმავე პრობლემას აწყდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს მინიმუმზე დავიყვანოთ. საქართველოს მონაცემები მართლაც მინიმალური იყო. ასობით განხორციელებული ექსპორტიდან საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ 6 პარტია. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს, აქვთ ათობით და უფრო მეტი უკან დაბრუნებული პარტია”,- აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, რადგან ევროკავშირმა წლის განმავლობაში ქართული თხილის 7 პარტია უკან გამოაბრუნა, ეს ფაქტი ისე წარმოჩინდა, თითქოს ქართულ თხილს ადამიანების ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა აქვს. მინისტრის განმარტებით, ეს შეფასება მკვეთრად არასწორია.

“ეს ნამდვილად ასე არ არის. საქართველოს ამ კუთხითაც სწორი კონტროლის მექანიზმი გააჩნია. თხილის რეგლამენტი შემოვიღეთ და იცით, რომ ყველა საექსპორტო პარტიის მიკვლევადობა საქართველოში არსებობს”,- ამბობს მინისტრი.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი