პროექტი “ახალგაზრდა მეწარმე” მთაში მცხოვრებ ყველა მოსახლეზე გავრცელდება

2019 წლიდან პროექტი “ახალგაზრდა მეწარმე” მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ყველა მოსახლეზე გავრცელდება. ისინი სახელმწიფოსგან სტარტაპის ღირებულების 40%-ს გრანტის სახით მიიღებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, პროგრამის მაღალმთიან რეგიონებში დანერგვა მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ახალგაზრდა ფერმერების პროგრამა გავრცელდება მთიან რეგიონებში ყველა მოსახლისთვის, რათა მათ შექმნან მეტი ინფრასტრუქტურა ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიმართულებისთვის. ეს იქნება მცირე სასტუმრო სახლები, სხვადასხვა ტურისტული სერვისები, რომელის დაფინანსებაც მოსახლეობას სჭირდება სახელმწიფოსგან საგრანტო ფორმით. ეს პროექტები სამინისტროს უკვე მზად აქვს და დაიწყება 2019 წელს” – აღნიშნა წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა.

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ 2018 წელს დაიწყო და ის განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ბიზნესსაქმიანობა სურთ. პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი სტარტაპის ღირებულების 40%-ს მთავრობისგან გრანტის სახით იღებენ. ამ დროისთვის ხელშეკრულება 100-ზე მეტ ახალგაზრდასთან გაფორმდა.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი