ვარდის მწარმოებელი ლაგოდეხიდან

ლაგოდეხში მცხოვრები ვასილ აფციაური 2007 წლიდან ვარდის ბიზნესშია ჩართული. მან საქმიანობა 6 000 ვარდის ძირის დარგვით დაიწყო. მისი თქმით, ვარდის მოვლა შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმეა.
ვასილ აფციაური ამბობს, რომ ვარდის წარმოებაში ოჯახთან ერთად ჩაერთო და მათი დახმარებით საქმიანობა სტაბილური გახადა. აფციაური მიუთითებს, რომ ევროკავშირის გრანტმა, რომელიც ორი წლის წინ მიიღო, ხელი შეუწყო წარმოების გაზრდას.
,,ჩემი ოჯახი 2007 წლიდან აწარმოებს ვარდს. მქონდა 6 000 ძირამდე ვარდი, ვუვლიდი და მოყვანილ მოსავალს ადგილბრივ ბაზარზე ვუკეთებდი რეაბილიტაციას. ევროკავშირის დახმარებით და დაფინანსებით კი შევძელით, რომ წარმოება გაგვეფართოებინა. სანამ დაფინანსებას მივიღებდით, ჩვენი ოჯახის წევრები ვშრომობდით, ჩემი შვილები და მეუღლე მეხმარებოდნენ. ახლა კი ჩვენ გარდა, 3-4 ადამიანი მყავს დასაქმებული. მიხარია, რომ მათ შემოსავლის მიღებაში ვეხმარები“,- განაცხადა ვასილ აფციაურმა.
მეწარმემ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დამატებით გააშენა სათბური, სადაც დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაირგო 5 000 ძირი ვარდი. მისივე თქმით, პროექტის მთლიანი ღირებულება 24965 ლარი იყო, საიდანაც მისმა წილმა 6186 ლარი შეადგინა.
,,მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და წარმოებული პროდუქციის ნაკლებობამ განაპირობა ვარდების ახალი სათბურის გაშენება, რის შედეგადაც იგეგმება როგორც პროდუქციის წარმოების, ასევე მიღებული შემოსავლის გაორმაგება. დაფინანსებული სათბური 500 კვადრატულ მეტრზეა, სადაც დარგულია სხვადასხვა ჯიშის 5 000 ძირი ვარდი. გარკვეული ჯიშები საზღვარგარეთიდან გვაქვს შემოტანილი. ყველაფერი აწყობილი გვაქვს წვეთოვან სისტემაზე, რომელიც ასევე პროექტის დაფინანსებაში შედიოდა. პროექტის ღირებულება იყო სულ 25 000 ლარი, თანადაფინანსება იყო 70% და 30% ჩვენი ხარჯევბით იყო გაღებული.’’
ვასილ აფციაური აღნიშნავს, რომ მაისის ნაცვლად ვარდის მოსავალს აპრილის დასაწყისიდან იღებს, რაც შემოსავლის ზრდას უწყობს ხელს. მეწარმე ვარდებს ძირითადად კახეთში ყიდის.
,,გრანტის მიღებამდე, მაისიდან ვიწყებდით მოსავლის აღებას, და ახლა ვიწყებთ აპრილის დასაწყისიდან და ვამთავრებთ დეკემბრის ბოლოს. ჩვენი მოსავლის რაოდენობა გავასამმაგეთ, რაც შემოსავლებზეც აისახა. ვარდებს ვაგზავნით ლაგოდეხში, გურჯაანსა და თელავში, გარდა ამისა, მაქვს გასაყიდი წერტილი გახსნილი ლაგოდეხში და ვარდებს ვყიდი საცალო ფასებში. ‘’
ვასილი სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას, სანერგე მეურნეობის შექმნას და სხვადასხვა ჯიშის ვარდის გამრავლებას გეგმავს.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი