,,ვინივერიას“ და ,,შატო მერეს“ ღვინო ნორვეგიაში, ლატვიასა და ყაზახეთში ექსპორტზე გავიდა

კახეთში წარმოებული ღვინო, რომელიც ,,ვინივერიას“ და ,,შატო მერეს“ ბრენდის სახელით არის ცბობილი, ნორვეგიაში, ლატვიასა და ყაზახეთში ექსპორტზე გავიდა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვინივერია“ 2005 წელს დაფუძნდა და აწარმოებს ქისს, ხიხვს, კახურ მწვანეს, რქაწითელს, საფერავს და ქინძმარაულს.
,,შატო მერეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ,,ვინივერიას“ საწარმოში დაწურული ყურძენი მოკრეფილია ისეთ ვენახებში, სადაც ვაზის ასაკი მინიმუმ 20-25 წელია.
გია პირადაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით დამზადებული თეთრი და წითელი ღვინო “შატო მერე” და “ვინივერია” კომპანიას გასაყიდად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში გააქვს. ბიზნესმენის თქმით, მაღალი კლასის ღვინოები, რომელსაც კომპანია აწარმოებს, დამატებით ნორვეგიის, ლატვიის და ყაზახეთის ბაზრებზე გავიდა. მისივე ინფორმაციით, ღვინოე მაღალ და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საექსპორტო ბაზრებზე ბოთლის ფასი 15-დან 35 ევრომდეა.
„ქართული ღვინის ბაზარი იზრდება, თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი ქართული ღვინო. ჩვენ არ ვართ მასიური მწარმოებელი, რადგან მაღალი კლასის ღვინოს ვამზადებთ და ძირითადად, გათვლას დასავლეთ ევროპასა და ჰორეკას ქსელზე ვაკეთებთ. იმ მუშაობამ, რაც ამ ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით, ბოლო 5 წლის მანძილზე გავწიეთ, შედეგი გამოიღო და ჩვენი ექსპორტის გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით, 7-8 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ; ,,შატო მერე“ უფრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი და წელიწადში 30-40 ათასი ბოთლის წარმოებას ვგეგმავთ, ხოლო ,,ვინივერიას“ ბრენდით 200 ათასი ბოთლი ღვინო დამზადდება“, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
პირადაშვილის განმარტებით, საწარმოში ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის გარდა, ასევე მზადდება ღვინო, რომელიც დაძველება-დავარგებას ფრანგული მუხის კასრებში გადის.
,,ვინივერიას“ საწარმოში ღვინოს ვამზადებთ როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ქვევრში. ღვინის კახური წესით დაყენების დროს ყურძენი იწურება ქვევრში, სადაც ის დუღდება. ამ პერიოდის შემდეგ ღვინო კრისტალურად გამჭვირვალე და სტაბილურია, არ საჭიროებს დამუშავებას და ფილტრაციას. ევროპული ტიპის ღვინო, თანამედროვე იტალიურ დანადგარებში ყურძნის ნაზი გამოწნეხვის, დაწმენდის და დადუღების შედეგად მზადდება. დუღილი საშუალოდ ორ კვირას გრძელდება, რის შედეგადაც ვიღებთ ციტრუსით, ნაზი ტკბილი ყვავილებით თუ ტროპიკული ხილის არომატით მდიდხარისხიან ევროპული ტიპის ღვინოს’’, – ამბობს პირადაშვილი.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი