ISET რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებაში სირთულეებს ხედავს

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც დასახელებულია ის სირთულეები, რომლებიც ამ სფეროში არსებობს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მისი აღსრულება საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ISET-ში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით რთულია ყველის წარმოებაში რძის ფხვინილის გამოყენების კონტროლი, რადგან ყველიც და რძეც ძირითადად არარეგისტრირებული საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება. აღსანიშნავია, რომ ყველის საწარმოებლად რძის ფხვილი გამოიყენება არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობების მიერ, არამედ ბიზნესოპერატორების მიერაც, რაც განპირობებულია წარმოების დანახარჯების შემცირების სურვილითა და იმ ფაქტით, რომ საქართველოში ხარისხიანი და უვნებელი ნედლი რძის დეფიციტია.

“სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში რძის წარმოება მცირდება, ხოლო რძის ფხვნილის იმპორტი იზრდება. 2017 წელს საქართველომ რძის მხვნილის იმპორტი 19 ქვეყნიდან განახორციელა და იმპორტირებული რძის ფხვნილის 24% უკრაინაზე მოდიოდა. მცენარეული ცხიმებისა და ზეთების იმპორტიც იზრდება და 2017 წელს აზერბაიჯანი წარმოადგენდა საქართველოსთვის უმსხვილეს საიმპორტო ბაზარს (იმპორტის 62% მასზე მოდიოდა). ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებასთან დაკავშირებული მთავარი სირთულეებია: ფიზიკური პირების შემთხვევაში, რძისა და რძის ნაწარმის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე კონტროლის არარსებობა; იურიდიული პირების შემთხვევაში, რძისა და რძის ნაწარმის დისტრიბუციის ეტაპებზე კონტროლის ნაკლებობა; მომხმარებლის დაბალი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს მას რეგლამეტის აღსრულების პროცესში”, – აღნიშნულია კვლევაში.

2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომლის მიზანია რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 2017 წლის 1 ივლისიდან რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც. რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი