აგროპროდუქტების პოპულარიზაციისთვის მომავალ წელს 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ქართული აგროსასურსათო პროდუქტების პოპულარიზაციისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წელს 1,3 მილიონ ლარს დახარჯავს.

სამინისტრო აღნიშნული თანხის დახარჯვას გეგმავს 7 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად და 4 ადგილობრივი ფესტივალის მოსაწყობად.

“იგეგმება შემდეგ ღონისძიებებში მონაწილეობა: გერმანული ,,მწვანე კვირეული 2019” და ,,ფრუთ ლოჯისტიკა 2019”, ასევე საფრანგეთის ორი ფესტივალი-,,სირა” და ,,სიალ პარიზე”, აზერბაიჯანული ,,კასპიან აგრო”, ლატვიური ,,რიგა ფუდი” და დუბაიში დაგეგმილი ,,გალფ ფუდ 2019”.

რაც შეეხება ადგილზე, საქართველოში გასამართ ღონისძიებებს, ესენია: ჩაის და თაფლის ფესტივალი, 26 მაისის ღონისძიება, ყველის ფესტივალი და საერთაშორისო გამოფენა, სახელწოდებით „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიები“.

გამოფენებთან დაკავშირებულ ყველა შესყიდვას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელებს”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი