კახეთში წელს 100 ტონა ზეთისხილის მოსავალს ელოდებიან

კომპანია ,,ქართული ზეთისხილი“ საკუთარ პლანტაციებში 100 ტონა მოსავლის აღებას ვარაუდობს და ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 150%-ით მეტია.

შარშან კომპანიამ 40 ტონა ზეთისხილი დაკრიფა.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე წარმოებული ზეითუნის ზეთის მოცულობის ზრდასაც ვარაუდობს. მისი თქმით, წელს დაახლოებით 80 ტონამდე ზეთის წარმოებას შეძლებენ.

პროდუქცია როგორც – ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ზეთისხილი” პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.
მოგვიანებით კი, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს. გაზაფხულზე კომპანია დამატებით 1000 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას დედოფლისწყაროში გააშენებს, რაშიც 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს – პრემიუმკლასს და გოლდენს. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა

კომენტარები

კომენტარი