დადალაურების ოჯახმა სოფელ კურდღელაურში მეურნეობა “ფერმერის საოჯახო სახლი” ჩამოაყალიბა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში დადალაურების ოჯახმა მეურნეობა „ფერმერის საოჯახო სახლი“ შექმნა. მეურნეობა აერთიანებს მეფუტკრეობას, სოკოს წარმოებას, მებოცვრეობას, მეფრინველეობასა და საოჯახო სახლს.
იდეის ავტორს ახალგაზრდა მეწარმე გვანცა დადალაურს სურდა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც შეინარჩუნებდა სოფლის მეურნეობის კულტურულ ფასეულებებსა და ტრადიციებს. მისივე თქმით, ინიციატივა ბიზნესად საკუთარი სახსრებით აქცია.
,,ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს მცირე ფერმერული მეურნეობა – მეფუტკრეობა, სოკოს წარმოება, გვყავს კურდღლები და სხვადასხვა შინაური ფრინველი. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა სოფლის მეურნეობის კულტურული ფასეულებები და ტრადიციები. ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმი დღითიდღე ვითარდება და სამომავლოდ დიდი პერსპექტივა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი დარგის განვითარება და პოპულარიზაცია, როგორიცაა აგროტურიზმი. ასე გაჩნდა იდეა და ჩვენს ფერმერულ საქმიანობას დავუმატეთ საოჯახო სახლი, რომელსაც შესაბამისი სახელიც დავარქვით – „ფერმერის საოჯახო სახლი“ ,- განუცხადა agromedia.ge-ს გვანცა დადალაურმა.
ტურისტების მოსაზიდად მეწარმემ აგროტურისტული მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. სოფელ კურდღელაურში მდებარე ფერმერის ორსართულიან საოჯახო სახლში განთავსებულია 6 ნომერი, რომელიც მოიცავს ორ აივნს მთის ხედით. სასტუმრო დამსვენებლებს სივრცესაც სთავაზობს სპორტული და გასართობი აქტივობებისთვის. გვანცა ამბობს, რომ საოჯახო სახლში მისულ ქართველ და უცხოელ ტურისტებს შეუძლიათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. “ფერმერის საოჯახო სახლი” ვიზიტორებს კომბინირებულ ტურისტულ პროდუქტებსაც სთავაზობს.
“სასტუმრო აღჭურვილია სამზარეულოს აქსესუარებით, სარეცხი მანქანით, აქვს მინი ღია საცურაო აუზი, ბუხარი და პიკნიკის ადგილი ეზოში. „ფერმერის საოჯახო სახლი“ მყუდრო, სოფლის ტერიტორიაზეა, თუმცა თელავის ცენტრიდან 1 კილომეტრით არის დაშორებული. „ფერმერის საოჯახო სახლი“ თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთანაც, პოპულარიზაციას და რეალიზაციას უწევს მათ მიერ ნაწარმოებ პროდუქტებს”.
მისივე თქით, საოჯახო სახლში მისულ ქართველ და უცხოელ ტურისტებს ადგილზე წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიან პროდუქტს სთავაზობენ.
,,ამ სფეროში დიდია კონკურენცია და გასაღების ბაზარიც გადატვირთულია, თუმცა მიზნობრივი მარკეტინგის მეშვეობით, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შერჩეული გვყავს მომგებიანი სეგმენტი და კონცენტრირებას ვახდენთ მათ მომსახურეობაზე. ტურისტებს ასევე ვთავაზობთ კომბინირებულ ტურისტულ პროდუქტებს, რაც გულისხმობს ფოლკლორული თუ ტრადიციული ელემენტების გამოყენებას, რაც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს შეთავაზებას და პირდაპირ მოქმედებს ტურისტის სოფლად დარჩენის ხანგრძლივობაზე. ჩვენი ტურისტები უმეტესი ნაწილი ძირითადად ევროპიდანაა, შემდეგ მოდის აზია, ჩრდილოეთ ამერიკა და ა.შ. მოდიან მარტო, წყვილებად, მეგობრებით, ოჯახებით. განსაკუთრებულად ხშირად გვსტუმრობენ ბავშიანი ოჯახები. ისინი ეცნობიან სოფლის ცხოვრებას, ტრადიციებს, დასვენების დღეებს ატერებენ სუფთა გარემოში და იღებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ჩვენს საოჯახო სასტუმროს აქვს საკმაოდ კარგი რეიტინგი საერთაშორისო ბაზარზე, რაც გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურეობა”, – აცხადებს დადალაური.
გვანცა სამომავლოდ მეურნეობის გაფართოვებას და ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.

სტატია მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი