სოფელ ტიბაანში მდებარე ფერმა „ბუტრანა“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე ფერმა „ბუტრანა“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს. ფერმის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა მეწარმე ჯემალ ხატიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 35 მეხორცული ძროხა ჰყავთ, რომლის რაოდენობასაც უახლოეს მომავალში გააორმაგებენ.
ხატიაშვილის ინფორმაციით, პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რის გამოც წარმოების გაზრდა გადაწყვიტეს.
“ბუტრანას” ხელმძღვანელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მეწველი ფურების რაოდენობის 50-მდე გაზრდას გეგმავენ, რაც მათ წარმოებას გააორმაგებს.
„ფერმა 2009 წელს დაარსდა და ჰოლშტეინის ჯიშის და ესტონური წითელი ძროხები გვყავს. თითოეული ფურის საშუალო დღიური წველადობა 25 ლიტრია, უახლოეს ხანში ფერმის გაფართოებას ვგეგმავთ. უნდა ავიდეთ 50 მეწველ ფურამდე. ჩვენი ფერმის რძეს არ ვყიდით, რადგან გვაქვს გადამამუშავებელი წარმოება და ხარისხიან ყველს ჩვენვე ვამზადებთ“, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.
მეწარმემ ამ მიმართულებით საქმიანობა 14 წლის ასაკში დაიწყო.
კომპანია ამ ეტაპზე 4 სახეობის ყველს აწარმოებს. ის მომხმარენლებს ღვინოში დაძველებულ ყველსაც სთავაზობს.
,,ამ საქმისადმი ინტერესი გაჩნდა 14 წლის ასაკიდან, ეს იყო ჩვენი ოჯახური საქმიანობა და გადავწყვიტეთ ბიზნესი დაგვეწყო. გარდა ყველისა, ასევე გვაქვს ვენახები და ვაწარმოებთ ღვინოს. ყველს ვამზადებთ 4 სახეობის. ესენია – საფერავში დავარგებული, საფერავში დავარგებული ყველი, რომელსაც დამატებული აქვს ფრანგული ყველის კამემბერის კეთილშობილი ობი, ეს არის ყველი ”ტიბაანური”, მესამე სახეობაა თაფლში დავარგებული ყველი და ბოლოს, თათარაში დავარგებული ყველი, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელია ჩაისთან და ყავასთან.’’
კომპანია პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე, ყველის რამდენიმე მაღაზიაში ყიდის.
,,ამ ეტაპზე, ,,ბუტრანას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველის სახლში ფალიაშვილის #7, პაპრიკაში და ქართულ ნატურალურ ნობათში. სამომავლოდ, ვაპირებთ საფირმო მაღაზიის გახსნას. სამომავლოდ მინდა სახელმწიფო პროგრამებში მივიღო მონაწილეობა, მეტი პროდუქტი ვაწარმოო და გასაყიდად საზღვარგარეთ გავიტანო’’,- აცხადებს ჯემალ ხატიაშვილი.
მეწარმე სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებით გააქტიურებასაც გეგმავს.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი