ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროელმა მეწამემ დავით ნასრაშვილმა ევროკავშირის ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გახსნა. მეწარმე მაღალი ხარისხის ბიო ღვინოს წარმოებას გეგმავს, რომელიც პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
დავით ნასრაშვილის თქმით, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცა შესაძლებლობა აწარმოოს და მომავალში ექსპორტზე გაიტანოს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული წესით დაყენებული მაღალი ხარისხის ორგანული ღვინო.
,,მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში მუშაობის, ვენახის მოვლის, აგრეთვე სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ღვინის დაყენების ცოდნა და ათწლიანი გამოცდილება მაქვს. ასევე ჩემს საკუთრებაშია 7 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, 8 სახადასხვა ჯიშის ვაზით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვგეგმავდი ისეთი უძველესი ქართული ღვინის ჯიშების გაცოცხლება-პოპულარიზაციას, როგორიც არის ხიხვი, ქისი, ჟღია, შავკაპიტო, ასევე ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების დანერგვასა და ორგანული ღვინის წარმოება-რეალიზაციას’’,- აცხადებს დავით ნასრაშვილი.
როგორც მეწარმე ამბობს, ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 68,188 ლარის ოდენობით განისაზღვრა, სადაც 29,936 ლარი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ საგრანტო დაფინანსებამ, ხოლო 38,252 ლარი მისმა ფულადმა თანამონაწილეობამ შეადგინა.
,,ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი იქნა თანამედროვე დანადგარები და ქალაქის ცენტრში მოეწყო როგორც ევროპული, ისე ტრადიციული, ქვევრის ღვინის მარანი. გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ვიზიტორთა მისაღები-სადეგუსტაციო დარბაზი, რაც მომავალში ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს. საწყის ეტაპზე, ევროპული და ტრადიციული წარმოების ღვინის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება.’’
მისი განმარტებით, აღნიშნული ბიზნესინიციატივით შეიქმნა მუდმივი 12, ხოლო სეზონურად 20 სამუშაო ადგილი. იგი ბიო-სერტიფიცირების მიღებას გეგმავს, რომლის შემდეგაც წარმოებული ღვინის რეალიზაციას ევროპის ქვეყნებშიც მოახდენს.
,,სოფლის განვითარების ამ ინიციატივის დაფინანსების შედეგად, მუდმივი წესით დასაქმდა 12 ადამიანი, მათგან 7 ქალი. სეზონურ სამუშაოებზე, რომელიც 8 თვე გრძელდება, დასაქმებულთა რაოდენობა 20 ადამიანს მიაღწევს, რომელთაგანაც 12 ქალი, ხოლო 4 პენსიონერია.’’
ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD II-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

მოამზადა მაკა ხაზიურმა

კომენტარები

კომენტარი