კომპანია “ვაზისუბნის მამული” ცქრიალა ღვინის წარმოებას დაიწყებს

კომპანია “ვაზისუბნის მამული” წარმოების გაფართოებასა და ცქრიალა ღვინის დაყენებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ მიზნით „ვაზისუბნის მამულის“ ვენახებში იტალიური ვაზის ჯიშის, მუსკატის გაშენება დაიწყეს.
“მიწის დამუშავების და დარგვის პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე დარგულია 1400 მუსკატის ნერგი. ახალი ნარგავებიდან პირველი მოსავლის მიღება 3 წელიწადში იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში პორტფელს გავაფართოვებთ და ცქრიალა ღვიინის წარმოებას დავიწყებთ”, – ამბობს გიორგი მშვიდობაძე.
კომპანია „ვაზისუბნის მამულის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 40% ამ ეტაპზე ექსპორტზე გადის; დანარჩენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიის ღვინო ამ ეტაპზე ოთხ ქვეყანაში: უკრაინაში, ჩინეთში, კანადაში და დიდ ბრიტანეთში იყიდება. სამომავლოდ კომპანია ექსპორტის წილის გაზრდას გეგმავს და ღვინოს პოლონეთსა და გერმანიაში გაყიდის. გიორგი მშვიდობაძე აცხადებს, რომ კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია.
„ვაზისუბნის მამული“ ორ ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ღვინოები და ,,ქართული მზე/Georgian Sun“ – ბრენდი, რომელიც ქართული ღვინის ახალი გემოვნური გამების შექმნის იდეით საზრდოობს. მისი შემქნელების მიზანია, მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი“, – აცხადებს გიორგი მშვიდობაძე.
წელს, კომპანია გერმანიაში საწყობის გახსნას აპირებს, საიდანაც კომპანიის პროდუქტის მიწოდება ევროპის ყველა ქალაქში იქნება შესაძლებელი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიუთითებს, რომ საწყობი ჰანოვერში განთავსდება და პროდუქცია ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიყიდება.
,,ბევრი მომხმარებელი გვწერს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და გვეკითხება, თუ სად შეიძლება ჩვენი ღვინის შეძენა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მომხმარებელი ინტერნეტით შეუკვეთავს სასურველ პროდუქციას, რომელსაც ჩვენი დისტრიბუტორი 24 საათის განმავლობაში ევროპის ნებისმიერ ქალაქში მიაწვდის“, – აღნიშნავს გიორგი მშვიდობაძე.
კომპანია “ვაზისუბნის მამული” 2013 წელს დაფუძნდა. დამფუძნებელთა იდეა სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი მეურნეობისა და ადგილ-მამულის აღდგენას ითვალისწინებს. ამჟამად, კომპანია 34 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული რჩეული მოსავლით ამზადებენ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი