მეცხოველეობის განვითარების 17 მილიონიანი პროექტი მარტში დაიწყება

მიმიდინარე წლის მარტიდან აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მეცხოველოების განვითარებისთვის ხუთწლიანი პროექტი დაიწყება. პროექტის ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს ამერიკული ორგანიზაცია „ლენდ ო ლეიქს“-ი (Land O’Lakes International Development) და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ.

„პროექტის განხორციელებას მარტიდან დავიწყებთ, კონკრეტული დეტალები, რას და როგორ გავაკეთებთ და რა მიმართულებით იმუშავებს პროექტი, საჯარო სწორედ მარტის პირველი რიცხვებიდან იქნება“, – აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დირექტორი ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხუთწლიანი პროექტის დაანონსების დროს „ლენდ ო ლეიქს“-ის წარმომადგენლი ჯეტონ სტაროვა პროექტის საბოლოო მიზანად ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაზრდას ასახელებდა.

პროექტში ჩართული ორგანიზაცების წარმომადგენლების წინანსწარი განცხადებით ცნობილია, რომ მეცხოველეობის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდება ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებსა და ასევე პროდუქტიულობის ამაღლებაზე მერძევეობის სექტორში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დირექტორის განმარტებით, პროექტი რომელიმე ერთი რეგიონის განვითარებაზე მიმართული არ იქნება და მეცხოველეობის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით ხელს შეუწყობს. ნინო ზამბახიძის თქმით, სამიზნე ჯგუფს წვრილი მწარმოებლები არ წარმოადგენენ, აქცენტი მსხვილ წარმოებებზე და ისეთ მეწარმეებზე გაკეთდება, რომლებსაც განვითარების მეტი პოტენციალი აქვთ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი