თელავში დაყენებული „Madam Wine” პოლნეთსა და დიდ ბრიტანეთში გავა ექსპორტზე

თელავში დაყენებული ღვინო ქალებისთვის „Madam Wine” ევროპაში ახალ ბაზრებს ითვისებს. კომპანია „Madam Wine“-ის დამფუძნებელია მანანა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ პროდუქცია მიმდინარე წლის მარტში პოლონეთში გაიყიდება, უახლოეს მომავალში კი, დიდ ბრიტანეთშიც გაიტანენ ექსპორტზე.
„კონტრაქტი მაქვს აზერბაიჯანულ საკონდიტრო კომპანიასთან ,,აზატო“, რომელსაც აზერბაიჯანში მიაქვს ჩემი ღვინო, რადგან მათ კონცეფციაში ჯდება; პროდუქცია ასევე გამაქვს ესტონეთსა და ფინეთში. ამჟამად ვამზადებ პირველ პარტიას პოლონეთისთვის, სადაც მარტში გადაიტვირთება ჩემი ღვინოები; პარალელურად, პოლონეთში დაგეგმილია პრეზენტაცია, სადაც ჩვენს პროდუქციას და ზოგადად საქართველოს წარვადგენთ. ასევე ვამზადებ ღვინოს დიდი ბრიტანეთისთვის. იქ ღვინო ახალი ეტიკეტით გამაქვს, სრულიად ახალი კონცეფციით, მაგრამ კომპანია ,,Madam Wine”-ის სტილი დაცული იქნება. ჩვენი პროდუქციით დაინტერესებულია ყაზახეთი, უკრაინა და ჩინეთიც“, – განმარტავს მანანა ახვლედიანი.
“Madam Wine”-ის დამფუძნებელი მანანა ახვლედიანი ამბობს, რომ განსაკუთრებული ნიშის დაკავების მიზნით კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი ქალურ გემოვნებას მოარგო. იგი ამბობს, რომ ღვინოს უნიკალური ჯიშებისგან ამზადებს. ბიზნეს ლედის განმარტებით, დიდი ხნის დაკვირვების შედეგად აგრო ბაზარზე აღმოაჩინა, რომ ღვინო სპეციალურად ქალებისთვის არ იყო.
,,რამდენიმე ღვინის კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით15 წელი ვმუშაობდი. მსოფილიო დონის გამოფენებზე მიწევდა ჩვენი პროდუქციების წარდგენა. ვაკვირდებოდი რა ტენდენცია, სიახლეები იყო მეღვინეობის განხრით. მივხვდი, რომ ამ კუთხით ქალთა სეგმენტი აუთვისებული იყო. არაჩვეულებრივია ქვევრში დამზადებული ღვინო, მაგრამ ის მაინც კაცურ გემოვნებაზეა მორგებული; ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც განსხვავებული შემეთავაზებინა ბაზრისთვის და ქალური დახვეწილობა და სინაზე შემეტანა ქართულ ღვინოში. შევქმენი კომპანია, რომელსაც დავარქვი „Madam Wine“ და დავიწყე ღვინის წარმოება. გადავწყვიტე, შემექნა ღვინის ხაზი სხვადასხვა ხასიათის ქალებისთვის, მაგალითად თინეიჯერებისთვის, დიასახლისისთვის, ბიზნეს ლედისთვის. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა კარგი სიახლე ამ სფეროში“, – განუცხადა agromedia.ge–ს მანანა ახვლედიანმა.
ღვინის ჩამოსხმა სამი წლის წინ დაიწყო. კომპანია ხუთი სახეობის პროდუქტს ამზადებს, რომელსაც 100%-ით ექსპორტზე ყიდის.
„მე არ მაქვს პირადი ვენახები, ვურთიერთობ კარგ მევენახეებთან, შევარჩიე საუკეთესო ხარისხის ყურძენი სხვადასხვა მიკრო ზონებიდან და ჩემი გემოვნებით დავამზადე ღვინოები. მაქვს წითელი მშრალი ღვინო ,,სადიასახლისო“, რომელიც 80% საფერავისა და 20% კაბერნე სოვინიონის კუპაჟითაა დაყენებული; ასევე, ,,დალოცვილი კახური მაგ ტუჩების ფერია “, რომელიც 100%-ით საფერავითაა წარმოებული; ეს ღვინო გავაკეთე სასაჩუქრე ვარაიანტის სახით, რომ მამაკაცებმა ქალებს მიუძღვნან, ეტიკეტზე ახატია ქალის ტუჩები, რომელიც ლალის ფერთანაა გაიგივებული; ჩამოვასხი ნახევრად მშრალი ,,სახალისო“, მსუბუქი საკოქტეილო ღვინო, რომელიც ასევე საფერავისა და კაბერნე სოვინიონისგან, თავკვერის დამატებითაა წარმოებული; ვამზადებ ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს ,,სამაისო“, შეყვარებული ქალებისთვის და ნახევრად მშრალ ვარდისფერ ღვინოს – ,,სავარდო როზე“, რომელიც სამი ჯიშის ყურძნის შერევითაა მიღებული. ვფიქრობ, რომ ღვინის სმა არის ხელოვნებისა და კულტურის შემადგენელი ნაწილი, საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. მიმაჩნია, რომ ეს კეთილშობილი სითხე არ არის მხოლოდ თრობისთვის განკუთვნილი, მასთან განსაკუთრებული დელიკატური დამოკიდებულებებია საჭირო“, – აცხადებს მანანა ახვლედიანი.
ბიზნეს ლედი გეგმავს, კახეთში ქალებისთვის შატო დააფუძნოს, სადაც ქალბატონებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შეეძლებათ, როგორც ღვინის დაგემოვნება, ასევე საღამოს საათებში განტვირთვა.
,,მადამ ვაინი“ არ იქნება დიდი კომპანია. ეს იქნება მხოლოდ ვიწრო სეგმენტზე გათვლილი, სადაც ჩამოვასხამთ დანომრილ ღვინოებს და ეს არ გაიყიდება ყველგან. ეს ადგილი ქალებისთვის იქნება კომფორტული სივრცე. მეუბნებიან, რომ კახეთში კონკურენციის გაწევა გამიჭირდება, რადგან ბევრი მეღვინე ძალიან კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს, თუმცა ჩემი პროდუქტი არ არის გათვლილი ყველაზე. განსხვავებული კონცეფციაა და ვფიქრობ, გაამართლებს. მე არ მექნება ბევრი ღვინო, ეს იქნება ცოტა და უნიკალური ჯიშებისაგან ჩამოსხმული“, – ამბობს მანანა ახლედიანი.
„Madam Wine”-ის პროდუქცია საზღვარგარეთ საშუალოდ 25 დოლარად იყიდება. კომპანია პროდუქციას თელავში, ,,ვაზიანის“ კუთვნილ საწარმოში ამზადებს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი