სოფელ ხორნაბუჯში ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებენ

სოფელ ხორნაბუჯში ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში უკვე ერთი წელია, რაც ახალმა საოჯახო მარანმა დაიწყო ფუნქციონირება. მეღვინეობა “დანო“ მოსულიშვილების ოჯახმა პროექტ “აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით შექმნა. საოჯახო მარანში ძირითადად რქაწითელისგან ტრადიციული კახური მეთოდით დაყენებული ქვევრის ღვინოს ამზადებენ. მეღვინე დავით მოსულიშვილის თქმით, ისინი ასევე მცირე რაოდენობით ფრანგულ ვაზის ჯიშებთან კუპაჟური წესით დაყენებულ საფერავსაც აწარმოებენ. “ჩვენი ოჯახი ტრადიციულად მისდევდა მევენახეობას და მეღვინეობას. გვაქვს 1 ჰ ვენახი სოფელ ხორნაბუჯში. თუმცა მოსავლის დიდი ნაწილს ვაბარებდით ღვინის დიდ მწარმოებლებს რაც ხშირად პრობლემებთან იყო დაკავშირებული. 2017 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტეთ გვეცადა ჩვენი ღვინის წარმოება. ჩამოვასხით ღვინო და გავიტანეთ ახალი ღვინის ფესტივალის შესარჩევ კონკურსზე. ღვინომ მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მიზნად დავისახეთ მიღებული მოსავალი ჩვენვე გადაგვემუშავებინა. ამ ყველაფერში დაგვეხმარა ღვინის კლუბი. რომ არა ეგენი ჩვენ გაგვიჭირდებოდა იდეის განხორციელება. 2017 წელს მონაწილეობა მივიღეთ პროექტ „აწარმოე საქართველოში“, მათი მეშვეობით შევძელით ღვინის დაყენებისათვის საჭირო თანამედროვე ინვეტარის შეძენა’’,- აცხადებს დავით მოსულიშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქვთ სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი, რომელიც მე-19 საუკუნეს ითვლის. ,,ამჟამად გვაქვს 4 სხვადასხვა ზომის ქვევრი, ქვევრები არის მე-19 საუკუნის ჩემი დიდი პაპის დროინდელი. ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ქვევრების თვალსარიზითაც გაფართოებას. ჩვენი მიზანია მთელი ჩვენი მოწეული მოსავალი გადამუშავებული იყოს ჩვენს მიერ და დადუღებული იქნეს სრულად ქვევრებში. ვაწარმოებთ ძირითადად რქაწითელს სავაჭრო დასახელებით „ხორნაბუჯული რქაწითელი“, მცირე რაოდენობით გვაქვს წითელი ღვინის კუპაჟი: საფერავი, პინო, კაბერნე დასახელებით „წითელი ხორნაბუჯიდან“. დავით მოსულიშვილის განმარტებით, ღვინის წარმოებაში მთელი ოჯახია ჩართული. მისივე თქმით, ვენახის მოვლისას პესტციდებს არ მოიხმარენ. ,,ჩვენი ოჯახი ყოველთვის ჩართული იყო მევენახეობა-მეღვინეობაში. 2017 წლამდე სანამ დაავარსებდით მეღვინეობა „დანო“-ს, ჩვენთან სოფელში თუ საახლობლო წრეში ყველამ იცოდა რომ მამაჩემის ილია მოსულიშვილის დაყენებული ღვინო იყო საუკეთესო. ვენახის მოვლისას არ ვიყენებთ ჰერბიციდებს, სასუქებს, არ ვრწყავთ. ვიყენებთ მხოლოდ ევროპელი მწარმოებლების მაღალი ხარისხის პრეპარატებს, იმასაც მკაცრად გაწერილი ნორმებით. ეს ყველაფერი განაპირობებს ყურძნის მაღალ ხარისხს და შემდგომში უკვე ღვინის მოვლაზე დახარჯული ენერგია იძლევა დადებით შედეგს’’,- აცხადებს დავით მოსულიშვილი. საოჯახო მარანი 2019 წლის გაზაფხულიდან კახური მწვანის და რქაწითელის კუპაჟის წარმოებას გეგმავს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი