რუისპირში შექმნილი სათემო ჯგუფი მეწარმეებისთვის პროექტს განახორციელებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში შექმნილი სათემო ჯგუფი მეწარმეებისთვის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ჯგუფში სოფელში მოქმედი ყველა მეწარმე, ბიზნესმენი, საწარმო თუ აგროტურისტული ცენტრია გაერთიანებული. რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი, საინიციატივო ჯგუფის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი ალადაშვილი ცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში, რომელიც 2 000 ლარს მოიცავს, სოფელში მცხოვრებ მეწარმეებს ინფორმაციას მიაწვდიან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მისივე თქმით, მეწარმეებისთვის სუფთა პროდუქტის მოყვანასთან და წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებიც ჩატარდება.
,,ჩვენი მიზანია სოფლის განვითარება. საინიციატივო ჯგუფი სოფლის ნებისმიერ პრობლემას მიიტანს იმ პირებამდე, რომლებსაც შეუძლიათ მისი მოგვარება. ასევე აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოვიზიდოთ სტარტაპები და გრანტები სოფლის განვითარებისთვის. ვგეგმავთ, შექმნათ კოოპერატივი, გვექნება ჩვენი ბიუჯეტი, წევრები იქნებიან საწარმოები და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლები. ამით დავაინტერესებთ ტურისტებს და განვითარდება ეს სფერო, რაც ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოძიებული და ფონდში არსებული თანხა სოფლის განვითარებას და გაძლიერებას მოხმარდება. ჩვენი მიზანია ასევე სოფელში წარმოებული ბიოპროდუქტის პოპულარიზაცია. ამ დრომდე საინიციატივო ჯგუფი მუშაობის და ჩამოყალიბების პროცესში იყო, დღეს კი უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც მოჰყვა 2000 ლარამდე მცირე გრანტის მიღება. ის მოხმარდება სოფელში მცხოვრები ფერმერების განათლებას. პროფესიონალი პირები ჩაატარებენ ტრენინგებს, ასწავლიან ბიო პროდუქტების წარმოებას, გააცნობენ როგორ უნდა დავაყენოთ სახლის პირობებში კარგი ხარისხის ღვინო, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს მისი რეალიზაცია. გარდა ამისა, ისინი მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, მურაბების ან ასხვა ნებისმიერი პროდუქციის წარმოების შესახებ, რათა ის კოოპერაციულად შეგროვდეს და როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიყიდოს. სამომავლოდ ამ კუთხით გააქტიურებას ვგეგმავთ და უფრო მეტს გავაკეთებთ სოფლის განვითარებისთვის’’,- განუცხადა ,,აგრომედიას“ გიორგი ალადაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი