თანამედროვე მეცხოველეობის ფერმა ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრებ ფერმერს კახა ავაზაშვილს თანამედროვე მეცხოველეობის ფერმა “მუქუეთი” აქვს. ფერმის სახელწოდება სოფლის ძველ დასახელებას უკავშირდება. კახა ამბობს, რომ სამი წლის წინ ძველი არაპროდუქტიული ადგილობრივი ჯიშის საქონელი გაყიდა და უცხოური ჯიშის ხბორები შემოიყვანა. დღესდღეობით მის ფერმაში მხოლოდ შვიცის, ჰოლშტეინის და სიმენტალის ჯიშის ძროხები იყრიან თავს. კახას 8 მეწველ ფურა ჰყავს და მათ მაღალპროდუქტიულ წველადობაზე ფერმერი დიდი იმედს ამყარებს.

კახა ამბობს, რომ ფერმერისთვის მერძეული და მეხორცული მიმართულება თანაბრად საინტერესოა. თანამედროვე ჯიშებიდან მისთვის სასურველი საქონელი სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე შეარჩია.
„ორივე ხაზი გვაქვს მეხორცულიც და მერძეულიც. ვიცოდი რომ შვიცი გარემოსთან მორგებული იყო და პირეველი შვიცი ვიყიდე. მერე გადავწყვიტე რომ მეხორცული ხაზიც მინდოდა და სიმენტალი მაგიტომ შემოვიყვანე, ესეც ჩვენს პირობებს კარგად ერგება. მერძეული მიმართულება ძალაინ საინტერესოა ჩვენთვის და რადგან წველადობა ჰოლშტეინის ჯიშის ძროხებს მაღალი აქვს, ამის გამო ისინიც დავიმატეთ“, – ამბობს “აგრომედიასთან” საუბრისას კახა ავაზაშვილი.

ფერმერი საწველი დარბაზის მოწყობას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსური სახსრები არ აქვს. კახა ავაზაშვილი აღნიშნავს, რომ გაზაფხულიდან ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას აპირებს, რომელთა მიზანი მეცხოველეობის განვითარებაა.

„ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან ჩავერთოთ დახმარების პროგრამებში, რომლებიც მალე დაიწყება. საწველი დარბაზი არ გვაქვს და სწორედ ამ პროგრამების დახმარებით გვინდა, რომ 12 სულიანი დარბაზი გავაკეთოთ. ჩვეულებრივი ყველის დამზადება მინდა. ჯერ ამით დავიწყებ, მაგრამ მერე გამოიკვეთება ისევ ყველის წარმოებას განვაგრძობ თუ რძის რეალიზაციას გავაკეთებ. რომელ არჩევანზეც არ უნდა გავჩერდეთ, ვფიქრობთ, რომ ხარისხს მაღალს დავიჭერ, რადგან საქონელი ჩვენია და ჩვენ ვაწარმოებთ ამ რძეს. პლიუს რძის ხარისხთან დაკავშირიებით რაღაც პრობლემა თუ იქნება, პრობლემას ჩვენს ფერმაში სწრაფად მოვძებნით და ამ ხარვეზის ძიება ფერმის გარეთ არ მოგვიწევს“, – აღნიშნავს ავაზაშვილი.

შპს „მუქუეთი“ დამფუძნებელი სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ის ფერმაში 50 მეწველი ფურისა და მეხორცული მიმართულებისთვის კი ძროხების მცირე რაოდენობის 300 სულამდე გაზრდას აპირებს.
“მინდა, რომ ბიზნესი გავაფართოო და ძროხები 300 სულამდე გავზარდო და ასევე შემოვიყვანო 50 მეწველი ფური. ძროხები გაშვებული იქნება ჯერ 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მომავალში კი, როდესაც სხვა მიწებსაც დავიმატებ, ძროხებს უფრო დიდი მოცულობის მიწებზე გავუშვებ. რძეზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ვიცი, რომ ჩემს ბიზნესს პრობლემა არ ექნება”, – აცხადებს ფერმერი.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი