კომპანია „შირაქი” ბიო რძის წარმოების შემცირებას გეგმავს

კომპანია “შირაქის” ბიო რძის წარმოების შემცირებას აპირებს. კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიანიძე ამ გადაწყვეტილებას ბაზარზე პროდუქციაზე ნაკლებ მოთხოვნას ასახელებს და ამბობს, რომ ბიო რძის წარმოებაში ორჯერ მეტ თანხას ხარჯავს, თუმცა ეს მისთვის მომგებიანი არ არის. “შირაქის” დამფუძნებელი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ნიკოლოზ ბენიანიძე მიუთითებს, რომ ბიო რძეს ამ დრომდე მხოლოდ ერთი კომპანია “ნატურალ+” ყიდულობს და ნაწარმის სრული რეალიზაციისთვის საკმარისი არ არის. გარდა ამისა, რძეზე დაწესებულ დამატებითი ღირებულების გადასახადზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც ბიო რძის წარმოების შემცირება გადაწყვიტა.
“როდესაც თავიდან ბიო პროდუქტის წარმოება დავიწყე, ვიფიქრე, რომ დიდ ფინანსურ სარგებელს ვნახავდი. თავიდან ბაზარზე იყო მოთხოვნა, თუმცა შემდეგ ძალიან გამიჭირდა რეალიზაცია. ვერ ვხვდები, რამ განაპირობა პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება. ამ დროისთვის, დღეში 4 ტონაზე მეტი რძე მაქვს და ბიო რძის ფასში მხოლოდ ერთ ტონას ვყიდი.
ჩვეულებრივი რძე 1 ლარი და 45 თეთრი ღირს; მაშინ როცა ბიოს ფასი 2 ლარია და 3 ტონა რძე ჩვეულებრივი რძის ფასში იყიდება. ბაზარზე მოთხოვნა თითქმის არ არის. ბიო რძის წარმოებაში ორჯერ მეტი მეხარჯება და ამ ეტაპზე არ მიღირს. მოთხოვნის არარსებობასთან ერთად ვეღარ შევძლებ მიღებული შემოსავლით პირუტყვის ის ოდენობა რაც დღეს მყავს და 200 ზრდასრული ძროხაა, ბიო საკვებით გამოვკვებო. გარდა ამისა, ველოდებოდი, რომ დღგ-ს გააუქმებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პრემიერმა ერთი თვის წინ დაანონსა გააჟღერა ეს ინიციატივა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და განხილვაც არ დაწყებულა. მინიმუმ ორი თვე არაფერი არ იქნება. ეს ცალკე ტვირთია და ამის გამო ბიო რძის დიდი რაოდენობით წარმოება აღარ მიღირს“, – ამბობს “აგრომედიასთან” საუბრისას ნიკოლოზ ბენიანიძე.
ფერმერი აღნიშნავს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა გამოყენებას ნატურალური რძის წარმოებაზე გამოიყენებს და ბიო წარმოებისთვის შედარებით მცირე ფერმას ააშენებს.
ნიკოლოზ ბენიაიძე ახალი ფერმის აშენებას არსებულ ფერმასთან ახლოს გეგმავს, თუმცა სესხს ვერ იღებს და დამატებითი ფინანსური სახსრები ჯერ მოსაძიებელი აქვს.
“ბანკიდან სესხი 1 მილიონ 800 ათასი ლარის ოდენობით გამოვიტანე, ბანკები მეტ სესხს არ მაძლევენ და იმედი მაქვს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ბიო წარმოების ხელშეწყობის რომელიმე პროგრამა ამოქმედდება და გრანტის მიღებას შევძლებ. სასწრაფოდ უნდა გადავეწყო, სხვაგვარად ბიზნესი ძალიან ცუდ დღეშია. აუცილებლად ახალი საწარმო უნდა ავაშენო და რაც ბიო რძედ მეყიდება დღეში, იმ რძის საკმარი ძროხები ახალ ფერმაში უნდა გადავიყვანო და ნატურალური რძის წარმოება დავიწყო“, – ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ ბიო რძის წარმოების მოცულობა ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. ბენიაიძე აცხადებს, რომ თუ ბიო რძეზე მოთხოვნა გაიზრდება, რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, პროდუქციის წარმოება ისევ გააფართოვოს.
„როდესაც ახალ ფერმას ავაშენებ, შევხედავ სიტუაციას და როგორი მოთხოვნაც იქნება ბაზარზე, იმ მოცულობით ვაწარმოებ პროდუქციას. ბიო რძე უნიკალური პროდუქტია, თუმცა სამწუხაროდ მასზე მოთხოვნა არ არის. თუ გაიზრდება მოთხოვნა, არ არის გამორიცხული, რომ ისევ გავაფართოო წარმოება“, – აღნიშნავს “აგრომედიასთან” საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძე.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი