რა ვალდებულებები ექნებათ უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შემთხვევაში?

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონი პარლამენტშია. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა.
კანონმდებლის განმარტებით, სიახლე არეგულირებს, ვინ შეიძლება ქვეყანაში იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი, რა პირობებით და ვალდებულებებით.
მისივე თქმით, მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში უცხოელებს ჯერ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, შემდეგ კი – მიწის გაყიდვაც.
,,კანონპროექტით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს: სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში; საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში და ა.შ. კანონი ასევე ადგენს შემთხვევებს, როდის შეიძლება მიწა იყოს უცხოელის საკუთრებაში, ასეთი შემთხვევებია: თუ უცხოელმა მიწა მიიღო მემკვიდრეობით; თუ მიწა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცა უცხოელს ან უცხოურ საწარმოს, თუმცა კონკრეტული საინვესტიციო გეგმის საფუძველზე. თუ უცხოელი ან უცხოური საწარმო საინვესტიციო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებს არ შეასრულებს, ერთ წელში უნდა გაასხვისოს მიწა. ამასთან, უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო მიწა დანიშნულებისამებრ გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისოს ის. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საკარმიდამო კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. თუ პირმა მიწის ნაკვეთი არ გაასხვისა, ნაკვეთი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ახალი ვალდებულებები ეხება კანონის ამოქმედებისთვის უცხოელის ან უცხოური საწარმოს მფლობელობაში არსებულ მიწებსაც. ამ შემთხვევაშიც მიწის მფლობელები ვალდებულები არიან, დაამუშავონ მიწა და თუ ამას 3 წლის განმავლობაში არ გააკეთებენ, დაჯარიმდებიან ან უკიდურეს შემთხვევაში მიწის გასხვისება მოუწევთ. იურიდიული პირები კი, რომლებიც კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობენ მიწებს, ვალდებულნი არიან, 2 წლის ვადაში წარადგინონ საინვესტიციო გეგმა და შეასრულონ ის. კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომელთა მფლობელები უცხოელები არიან. ისინი ვალდებულნი არიან, 2 წლის ვადაში გაასხვისონ ასეთი მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 80 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფულადი სანქციები ან უკიდურეს შემთხვევაში – მიწის გასხვისება”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი