წარმატებული ფერმერი სოფელ აკურიდან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები გიორგი კალატოზიშვილი ფერმერულ მეურნეობას 2014 წლიდან მისდევს. მან ფერმა აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ააშენა და მას შემდეგ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
გიორგი კალატოზიშვილი აღნიშნავს, რომ ფერმერობა დიდ დროს და შრომას მოითხოვს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი საყვარელი საქმიანობაა.
,,2014 წელს დავიწყე საქმიანობა. მეცხოველეობის ფერმა აგროკრედიტის დახმარებით ავაშენე. ფერმის შენობის ასაშენებლად და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხების შემოსაყვანად 110 ათასი დოლარის ოდენობის იაფი კრედიტიც გამოვიტანე, რაც დამეხმარა საქმიანობის დაწყებაში. მყავს შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები. ამ დროისთვის 100 სული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა მყავს, საიდანაც უმეტესობა მეწველი ფურია. ვაწარმოებ და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი ეკოლოგიურად სუფთა ხორცს და რძეს’’,- განუცხადა agromedia.ge-ს გიორგი კალატოზიშვილმა.
ფერმერი ამბობს, რომ საქონელს განსხვავებული მეთოდით უვლის. მისი თქმით, პირუტყვი ბაგურ კვებაზე არ ყავს და 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ძროხები თავისუფლად გადაადგილდებიან. იგი აღნიშნავს, რომ ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები მაღალი წველადობით და მეხორცულობით გამოირჩევიან.
,,ჰოლშტეინის და შვიცის ჯიშის ძროხები მეხორცული და მერძეულია. თითოს საშუალო წველადობა ყოველდღიურად 20 ლიტრია. იმის გათვალისწინებით, რომ პირუტყვისთვის საჭმლის მიცემის დროს არანაირ დანამატებს არ მოვიხმართ, დღეში 20 ლიტრამდე რძის მიღება თითო ძროხიდან ნორმალური მაჩვენებელია. ძროხების გამოკვებას ჩვენს მიერ დამზადებული საკვები რაციონით, სიმინდით, ხორბალით და ქერით ვუზრუნველყოფთ. ფერმაში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული’’,- აცხადებს გიორგი კალატოზიშვილი.
მეწარმე ძროხების წველისას თურქული წარმოების აგრეგატს იყენებს. იგი ასევე ფერმაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს, თუმცა ამისთვის ფინანსური სახსრები არ აქვს.
გიორგი კალატოზიშვილი აღნიშნავს, რომ მას პროდუქციის გაყიდვის პრობლემა არ აქვს, რძეს შემგროვებლებთან აბარებს, ხოლო ხორცს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
,,იმისთვის რომ გაგვეადვილებინა მუშაობა და რძის შეგროვება, შევიძინეთ თურქული წარმოების აგრეგატი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია და მისი დახმარებით ვწველით ძროხებს. გვინდა ფერმის მართვისთვის თანამედროვე პროგრამები და ტექნოლოგიები დავნერგოთ თუმცა ამისთვის ფინანსური რესურსი ჯერ არ გვაქვს. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე წარმოებული პროდუქციის გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს. რძეს სეზონური ფასებით ადგილზე მისულ რძის შემგროვებლებს ვაბარებთ, ხორცს კი ადგილზე ვყიდით.’’
ფერმერი ასევე ღორების ფერმასაც ფლობს. იგი სამომავლოდ ღორების და ძროხების ფერმის გაფართოვებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი