წარმატებული ფერმერი სოფელ აკურიდან

2014 წელს დავიწყე საქმიანობა. მეცხოველეობის ფერმა აგროკრედიტის დახმარებით ავაშენე. ფერმის შენობის ასაშენებლად და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხების შემოსაყვანად 110 ათასი დოლარის ოდენობის იაფი კრედიტიც გამოვიტანე, რაც დამეხმარა საქმიანობის დაწყებაში. მყავს შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები. ამ დროისთვის 100 სული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხა მყავს, საიდანაც უმეტესობა მეწველი ფურია. ვაწარმოებ და ადგილობრივ ბაზარზე ვყიდი ეკოლოგიურად სუფთა ხორცს და რძეს.

ჰოლშტეინის და შვიცის ჯიშის ძროხები მეხორცული და მერძეულია. თითოს საშუალო წველადობა ყოველდღიურად 20 ლიტრია. იმის გათვალისწინებით, რომ პირუტყვისთვის საჭმლის მიცემის დროს არანაირ დანამატებს არ მოვიხმართ, დღეში 20 ლიტრამდე რძის მიღება თითო ძროხიდან ნორმალური მაჩვენებელია. ძროხების გამოკვებას ჩვენს მიერ დამზადებული საკვები რაციონით, სიმინდით, ხორბალით და ქერით ვუზრუნველყოფთ. ფერმაში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული.

იმისთვის რომ გაგვეადვილებინა მუშაობა და რძის შეგროვება, შევიძინეთ თურქული წარმოების აგრეგატი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია და მისი დახმარებით ვწველით ძროხებს. გვინდა ფერმის მართვისთვის თანამედროვე პროგრამები და ტექნოლოგიები დავნერგოთ თუმცა ამისთვის ფინანსური რესურსი ჯერ არ გვაქვს. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე წარმოებული პროდუქციის გაყიდვის პრობლემა არ გვაქვს. რძეს სეზონური ფასებით ადგილზე მისულ რძის შემგროვებლებს ვაბარებთ, ხორცს კი ადგილზე ვყიდით.

კომენტარები

კომენტარი