სიღნაღში წარმოებული ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე ჰოლანდიაში, ბელორუსში, დუბაისა და ჩინეთში გავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში წარმოებული ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის დუბაისა და ჩინეთში გატანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სულ მალე ქართული პროდუქცია საზღვარგარეთ გაიყიდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა პროდუქციის სიმცირის გამო მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. „ქართული ზეთისხილის’’ დირექტორი, ნელი გეთიაშვილი აცხადებს, რომ წარმოების გაზრდის შემდეგ ისინი პროდუქციას ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანენ. პროდუქცია ბაზარზე, „ქართული ზეთისხილის” ბრენდით გაიყიდება. ,,ახლაც მიმდინარეობს მოლაპარეკებები და ვაპირებთ დუბაიში, ბელორუსიასა და ჩინეთში პროდუქციის ექსპორტს. თუმცა დრო უნდა საკითხის მოგვარებას. ძალიან ბევრი ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენი პროდუქცია გაიტანონ: ესენია ჰოლანდია, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა და სხვა. ამ ეტაპზე პროდუქციის სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ ექსპორტზე ამ ჩამოთვლილ ქვეყნებში გატანას, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება ჩინეთში და ბელორუსიაში გატანა. იმედი გვაქვს, რომ წელს მეტ მოსავალს მივიღებთ და ეს შესაძლებებლი იქნება’’,- განუცხადა agromedia.ge-ს ნელი გეთიაშვილმა. ქართული ზეთისხილის მწარმოებელი კომპანია შპს „ჯეოლაივი“ 2010 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში შეიქმნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციების დიდი ნაწილი სოფელ საქობოში აქვს გაშენებული. კომპანია ასევე ფლობს ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც ზეთის, მწვანე და შავი ზეთისხილის და მარინადის წარმოება ხდება. ,,ამ დროისთვის კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. კომპანიის დაარსების შემდეგ და მოსავლის მიღების შემდგომ, გაჩნდა საწარმოს გახსნის აუცილებლობა, რისთვისაც მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“, მივიღეთ გრანტი და 2016 წელს სოფელ საქობოში გაიხსნა საქართველოში პირველი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ქართული ზეთისხილის ზეთს, რომელიც PREMIUM ხარისხისაა. ზეთი ისხმება მინის ბოთლებში და თუნუქის ქილებში. ასევე, ვაწარმოებთ მარინადს. „ქართული ზეთისხილის“ ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი – 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი. ქართული ზეთისხილის ზეთის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13 ლარიდან – 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7 ლარიდან – 9 ლარამდეა.’’ ნელი გეთიაშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ხარისხიანია, რადგან ისინი ცივი გამოხდის წესით პროდუქტს სასარგებლო მინერალებს უნაჩუნებენ. მისივე თქმით, მოსავლის მიღების სეზონი ნეომბერ-დეკემბერია, სეზონურად კი წარმოებაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. ,,დასაქმებული გვყავს სოფელში მცხოვრები მოსახლება, სეზონურად ვასაქმებთ 70-დან 100-მდე პირს. მოსავლის მიღების სეზონი ნოემბერ-დეკემბერია. ზეთისხილი იწურება ცივი გამოხდის წესით, რაც უნარჩუნებს პროდუქტს მინერალებს და ყველა იმ ელემენტს, რაც საჭიროა მაღალი ხარისხის ზეთის მისაღებად. ჩვენი მიზანია და დიდი სურვილი, რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა გააშენოს ზეთისხილის ბაღები, რომ მსოფლიო რუკაზე გაჩნდეს საქართველო როგორც ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ვუწყობთ ხელს. შპს ,,ჯეოლაივის’’ კონსულტაციებით გაშენდა სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკურ პირების მიერ 600 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწაზე ზეთისხილის ბაღები, სადაც დაირგო 330,000 ნერგი. კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ხირსაში და ტარიბანაში 400 ჰექტარზე, ხოლო დანარჩენი სიღნაღის, თელავის, მარნეულის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში’’,- აცხადებს ნელი გეთიაშვილი. კომპანია სამომავლოდ წარმოების გაზრდას და სხვა საექსპორტო ქვეყნების მოძიებას გეგმავს.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი