მემკვიდრეობით მიღებული მიწის ფლობა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ უცხოეთის მოქალაქეს შეეძლება

„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება.

კანონპროექტის მიხედვით, მიწას დაიკანონებს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორი ქართველია ანუ ფლობს კომპანიის წილის 50%-ზე მეტს. 
პროექტი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებსაც. კერძოდ, უცხოელ ფიზიკურ პირს შეიძლება გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე.

კანონპროექტის ავტორი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, რომ საგამონაკლისო შემთხვევა მხოლოდ ეროვნებით ქართველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება და არანაირი გამონაკლისი უცხოელებზე არ დაიშვება.

„საუბარია, ქართველებზე, ემიგრანტებზე, რომლებსაც აქვთ შეცვლილი მოქალაქეობა. მილიონზე მეტი ემიგრანტია, რომლებიც გვინდა დავუბრუნოთ საქართველოს. ჩვენ პრიორიტეტს საქართველოს მოქალაქეებს ვანიჭებთ.

მემკვიდრეობაში ვგულისხმობ, მაგალითად, როცა მშობელი ცხოვრობს საქართველოში, მისი შვლი წავიდა გერმანიაში და მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. მას აქვს შესაძლებლობა დაბრუნდეს და დაეუფლოს ოჯახის მიწის ნაკვეთს მიუხედავად ტექნიკური მოქალქოებისა, ისაა ეთნიკურად ქართველი, ამიტომაა ამ ადამიანებზე საუბარი. არანაირი გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კანონპოექტი ითვალისწინებს უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის გამოყენების ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მან მიწა უნდა გაასხვისოს.
“მიწის გასხვისება მოუწევს ასევე იურიდიულ პირსაც, თუ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გაუსხვისებლობის შემთხვევაში მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწა შესაძლოა საინვესტიციო პირობითაც გადაეცეს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი