კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. მათ მეწარმეებს ვენახის მოვლა-მოყვანისა და გასხვლის, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, მეცხოველეობისა და რძის პირველადი გადამუშავების კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო პროგრამები გააცნეს და საჭირო ლიტერატურა გადასცეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ კახეთის რეგიონში გრძელდება. 19-დან 22 მარტის ჩათვლით შეხვედრები დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, 2018 წელს, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გაიმართა და კონსულტაცია 7500-მდე ფერმერს გაეწია.

ავტორი: მაკა ხაზიური

კომენტარები

კომენტარი